15 წლის მოზარდის გარდაცვალება

"დღეს მეც ლუკას დედა ვარ" - მდუმარე აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან [ვიდეო]

ტაბულა

მთავრობის ადმინისტრაციასთან 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით სოლიდარობის აქცია, "დღეს მეც ლუკას დედა ვარ", მიმდინარეობს. 

მდუმარე აქციაზე დედებმა ცოცხალი ჯაჭვი გააკეთეს. აქციის მონაწილეებს შორის 20 ივნისს დაკავებულ პირთა დედებიც არიან.

აქციის მონაწილეები ითხოვენ, დადგეს მოზარდის საქმეში მონაწილე პირთა სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა. ასევე, ისინი ითხოვენ, გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური. 

15 წლის მოზარდმა პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, ის რამდენიმე დღის განმავლობაში კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფებოდა, გუშინ, 17 დეკემბერს კი გარდაიცვალა.

ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე დიდუბე-ჩუღურეთის პოლიციის სამმართველოს გამომძიებელი, მარიანა ჩოლოიანი დააკავეს. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ინფორმაციით, ის მოზარდს ჩვენების მიცემას აიძულებდა.  

სირაძემ ყოფილი სასწავლებლის "მწვანე სკოლის" კედლებზე რამდენიმე წარწერა გააკეთა, მათ შორის "ამ ცხოვრების დედაც".

მანამდე, მოზარდის მიერ თვითმკვლელობის მცდელობის შემდეგ, საია წერდა, რომ პოლიციაში მასზე ფსიქოლოგიურად იძალადეს. შსს-მ დაადასტურა, რომ განყოფილების უფროსის მოადგილე მოზარდს გამოკითხვის დაწყებამდე "3-4 წუთით გაესაუბრა" ცალკე, რადგან ბიჭს "დედასთან მოუვიდა უთანხმოება".

მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მდუმარე აქცია გამართეს მოძრაობა "სირცხვილიას" წევრებმა. მათ შსს-სთან მერხი და სკამი მიიტანეს. 

მოზარდის გარდაცვალების შემდეგ საპროტესტო აქციები გაიმართა რეგიონებშიც.  

კომენტარები