საქართველოს პარლამენტი

თინა ბოკუჩავამ არჩილ თალაკვაძეს ბიუროს დღის წესრიგი წაართვა და დაუხია

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატმა, თინა ბოკუჩავამ, ბიუროს სხდომაზე არჩილ თალაკვაძეს სხდომის დღის წესრიგი წაართვა და დაუხია.

ოპოზიციის დეპუტატები, რომლებიც ბოიკოტის რეჟიმში იმყოფებიან, ​ბიუროზე თალაკვაძისთვის იმის საკითხავად შევიდნენ, რატომ არ აძლევს პატიმრების მონახულების უფლებას.

თინა ბოკუჩავამ და სერგო რატიანმა პარლამენტის თავმჯდომარეს განუმარტეს, რომ ეს მათი უფლება და მოვალეობაა. დეპუტატები ამბობდნენ, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე პარლამენტის თავმჯდომარის სახელზე არაერთი განცხადება დაწერეს, თუმცა თალაკვაძემ მათ არ უპასუხა და პატიმრების მონახულების საშუალება არ მისცა.

ოპოზიცია პარლამენტის თავმჯდომარისგან პასუხად ამის მიზეზი დასახელებას ითხოვდა.

"პარლამენტის არც ერთ თავმჯდომარეს 2012 წლიდან, ყველაზე მწვავე ვითარებაშიც კი, ეს არ უკადრია", - აღნიშნა სერგო რატიანმა.

თალაკვაძემ მათ უთხრა, რომ მისი პასუხი "ძალიან არ მოეწონებათ". ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა კი დარბაზში სუნის დაყენება ახსენა, რაზეც სერგო რატიანმა უპასუხა, იქ სუნი უკვე დგას და 20 ივნისის ღამეს დაკავებულები ციხეებში ნაწამები არიან.

თინა ბოკუჩავამ პარლამენტს მონათა ბაზარი უწოდა.

"იმიტომ არ შემოვდივართ საერთოდ პარლამენტის სხდომებზე და იმიტომ ვართ ბოიკოტის რეჟიმში, რომ ღირსად არ გთვლით, რომ ამ მონათა ბაზარში მივიღოთ მონაწილეობა", - თქვა მან.

დეპუტატმა პარლამენტის თავმჯდომარეს ჰკითხა, რატომ არ უშვებდნენ დღეს საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მას და ორი პატიმრის დედას. 

არჩილ თალაკვაძემ კი პასუხად მიუთითა, რომ ბოიკოტის რეჟიმში მყოფი ოპოზიცია ბიუროს სხდომას ესწრება და მოუწოდა, "ჩამოყალიბდნენ".

თინა ბოკუჩავას მიკროფონი რამდენჯერმე გამოურთეს, რის შემდეგაც ის თალაკვაძესთან მივიდა და განუმარტა, რომ ბოიკოტის რეჟიმი გრძელდება და ბიუროს მხოლოდ იმიტომ ესწრებიან, რომ პატიმრების მონახულების საშუალება მიეცეთ.

არჩილ თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას "დამშვიდებისკენ" სერგო რატიანს მოუწოდა.

არჩილ თალაკვაძე: სერგო, დაამშვიდე კოლეგა და მოისმინეთ რასაც გეუბნებით. თითს ნუ მიქნევ, დაჯექი თავის ადგილას.

თინა ბოკუჩავა: არსად არ დავჯდები და შენ თითი დაუქნიე ბიძინა ივანიშვილის

არჩილ თალაკვაძე: გაიყვანეთ აქედან თუ შეიძლება ქალბატონი ბოკუჩავა. ეპატაჟი დაასრულე და დამელოდე

თინა ბოკუჩავა: ეპატაჟი ხარ შენ, თავიდან ბოლომდე. ბორკილებს რომ ატრიალებ სამარცხვინოდ. აი, ვინ არის ეპატაჟი და ბუტაფორია. განა ან ამათ, ან სხვებმა არ იციან, რომ ბუტაფორია ხარ თავიდან ბოლომდე? აზრს რავინ გეკითხება, გასაგებია, მაგრამ რაღაც ადამიანობა მაინც გამოიჩინე, რომ შეგვიშვა ციხეში

არჩილ თალაკვაძე: დაჯექი და აგიხსნი. დაბრძანდით თქვენს ადგილას და ღვედები შეიკარით

თინა ბოკუჩავა: ღვედები თქვენ შეიკარით, იმიტომ რომ ცუდი გზა გელოდებათ, ჩემო კარგო, კადაფიზაციისკენ მიდიხართ. შეგვიშვებთ თუ არ შეგვიშვებთ? ეს მაინტერესებს და ძალიან მოკლეა პასუხი

არჩილ თალაკვაძე: დაბრძანდი-თქო გეუბნები, ან დატოვე დარბაზი რა. არ დატოვებ და ვერანაირ პასუხს ვერ მიიღებ მაშინ

პარლამენტის თავმჯდომარის დახმარება ქართული ოცნების დეპუტატებმა სცადეს. ფეხზე წამოდგა ე.წ. "ამბოხებული დეპუტატი" მიხეილ ყაველაშვილი, ასევე, გურამ მაჭარაშვილი. ყაველაშვილმა თქვა, რომ ოპოზიციას საპატიმრო დაწესებულებებში "უსაფრთხოების მიზნით" არ უშვებენ".

"უსაფრთხოების მიზნით ვერ გაგიშვებენ, იმიტომ რომ მოასხამთ რაღაცებს და პატიმრები გვეცოდება. 2012 წლამდე შესულიყავით, რეებს უშვებოდით პატიმრებს, თქვენი მართლა... შეუშვით ერთი, შეუშვით და პატიმრებს დაენახეთ ერთი, რას გიზამენ მართლა რა", - თქვა ყაველაშვილმა და იქვე დაინტერესდა, "რა ჯიშის არიან" და "საიდან მოდიან".

პარლამენტის თავმჯდომარემ მხოლოდ ამის შემდეგ თქვა, რომ საპატიმრო დაწესებულებებში დეპუტატების შესვლა მათი უფლება არ არის და მისი "დისკრეციული უფლება, რომ მოგცეთ ამაზე თანხმობა".

ამის შემდეგ, თალაკვაძემ თინა ბოკუჩავას დღის წესრიგზე მიუთითა, მაგრამ იმის გამო, რომ პარლამენტის საიტის პირდაპირ ეთერს ხმა გაუთიშეს, რას ამბობენ დეპუტატები, არ ისმის. 

თუმცა, კადრში ჩანს, რომ თინა ბოკუჩავა არჩილ თალაკვაძეს ფურცლებს ართმევს და ხევს. არჩილ თალაკვაძე მას სხვა ფურცლებს აწვდის, რამდენიმე წამში კი ისმის:

"აი, ესეც დახიე".

ამის შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ მანდატურებს ოპოზიციის დეპუტატების დარბაზიდან გაყვანისკენ მოუწოდა. 

"ორივე მიბრძანდით გარეთ, გარეთ მიბრძანდით ორივე!", - ამბობდა თალაკვაძე.

კომენტარები