სასამართლო სისტემა

ფლანგვის დეტექტორი: მიქაუტაძემ 2014 წელს 2 ბინა შეიძინა, მას ამაში ხელფასი არ ყოფნიდა

დღეს საქართველოს პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობის 14 კანდიდატს 19-დან მხარი დაუჭირა

მხარდაჭერილ კანდიდატებს შორის არის გიორგი მიქაუტაძე, რომლის შესახებაც არასამთავრობო ორგანიზაცია ფლანგვის დეტექტორი ინფორმაციას აქვეყნებს.

ფლანგვის დეტექტორის ცნობით, 2014 წელს გიორგი მიქაუტაძემ თბილისში ორი ბინა შეიძინა, თუმცა ამ შენაძენის მისი ხელფასით გაკეთება შეუძლებელი იყო, დეკლარაციის მიხედვით კი მას დანაზოგი მხოლოდ 28 ლარი ჰქონდა.

"მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის მიერ შევსებული დეკლარაციებიდან ირკვევა, რომ 2012-2018 წლებში მას პროფესიული საქმიანობიდან 501 223 ლარი აქვს მიღებული. მისი ხელფასი წლიდან წლამდე იზრდებოდა, თუმცა ყველაზე დიდი შემოსავალი 2018 წელს, 90 675 ლარის ოდენობით ფიქსირდება. 2018 წელს, 73 514 ლარის შემოსავალი მიიღო ბატონი გიორგი მიქაუტაძის მეუღლემ, მაია კვირიკაშვილმა, რომელიც 2017 წლიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოში სამოსამართლო საქმიანობას ახორციელებს, მანამდე კი – საქართველოს პროკურატურაში მუშაობდა.

2015 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ირკვევა რომ, 2014 წლის მანძილზე, მოსამართლე გიორგი მიქაუტაძისა და მისი მეუღლის ერთობლივი შემოსავალი იყო 112 762 ლარი.

ამავე წელს, ბატონი გიორგი მიქაუტაძე ყიდულობს უძრავ ქონებას, რომლის ფასიც 64 000 აშშ დოლარია. აღნიშნული 64 000 აშშ დოლარიდან, 25 000 აშშ დოლარის დაფარვა მოხდა ბანკისგან აღებული იპოთეკური სესხით, რომელიც კანდიდატმა მიიღო „ბანკი რესპუბლიკისგან". თუმცა, კითხვის ნიშანი რჩება იმასთან დაკავშირებით, თუ საიდან შეძლო მან დანარჩენი 40 000 აშშ დოლარის მობილიზება ბინის შესაძენად, როდესაც მოსამართლეს მიღებული ხელფასის გარდა, მისი დანაზოგი, საკრედიტო ბარათზე არსებული 28 ლარი იყო", - წერს ფლანგვის დეტექტორი.

კომენტარები