ნიკა მელიას საქმე

ბესელია: მელიასთვის მანდატის შეწყვეტას მხარს არ დავუჭერ, კარგად წაიკითხონ კონსტიტუცია

ტაბულა

დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია ამბობს, რომ ნიკა მელიასთვის უფლებამოსილების შეწყვეტას მხარს არ დაუჭერს. საპროცედურო საკითხთა კომიტეტის სხდომა, სადაც ნიკა მელიას საკითხი უნდა განიხილონ, რამდენიმე წუთში დაიწყება.

"არ დავუჭერ მხარს, რადგან მიმაჩნია, რომ მართლმსაჯულების ინტერესი უფრო მაღლა დგას, ვიდრე კონკრეტული ვიწრო ჩანაწერი და უმრავლესობის სიჩქარე, რომ არ დაელოდოს მართლმსაჯულების განხორციელებას.

ვინც კანონის წაკითხვა იცის არა ვიწრო, არამედ ფართო კონტექსტში და კონსტიტუციის ჭრილში, უდანაშაულობის პრეზუმფცია მოქმედებს სასამართლოს მიერ საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე, ანუ თუ პირი დამნაშავე იქნება ცნობილი საბოლოო ინსტანციის მიერ.

რადგან პირი ასაჩივრებს გადაწყვეტილებას, პარლამენტი კი არ უნდა ჩქარობდეს, უნდა დაელოდოს მართლმსაჯულებას და არ უნდა ჩაერიოს მის განხორციელების პროცესში ვადაზე ადრე. სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე არ არის სწორი ეს ნაჩქარევი გადაწყვეტილება და იურისტებმა განსაკუთრებით უნდა წაიკითხონ კარგად კონსტიტუცია" - ამბობს ბესელია.

2 დეკემბერს, თბილისის საქალაქო სასამართლომ "ქართუს გაკოტრების" საქმეზე ნიკა მელია ერთ ეპიზოდში გაამართლა, მეორეზე კი, 25 000-ლარიანი ჯარიმა მიუსაჯა. გარდა ამისა, მოსამართლე ხათუნა ხარჩილავამ ნიკა მელიას 3 წლით და 2 თვით ჩამოართვა საჯარო სამსახურში დასაქმების უფლება, შესაბამისად, ნიკა მელიას დეპუტატის მანდატს შეუწყვეტენ, რასაც გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის გამო, საქართველოს კონსტიტუცია ითვალისწინებს. გადაწყვეტილება პარლამენტმა უნდა მიიღოს. დაცვის მხარე პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.

კომენტარები