ჰომოფობიური განცხადება

პროპუტინური, ჰომოფობიური ჯგუფები თბილისის კინოფესტივალზე 3 ფილმის ჩვენებას აპროტესტებენ

GDS

ჰომოფობიური ჯგუფები თბილისის კინოფესტივალზე LGBTQ+ თემატიკის ჩვენების გასაპროტესტებლად აქციას მოაწყობენ. აქციას დღეს, 19:00-ზე, ახალგაზრდული ცენტრი "ზნეობა" და "ბავშვთა უფლებების დაცვის საზოგადოება" აანონსებენ. 

"2-დან 8 დეკემბრის ჩათვლით ტარდება  საერთაშორისო კინოფესტივალი, რომელზეც არის დაგეგმილი 3 ლგბტ თემატიკის ფილმის ჩვენება. 1 ქართული და ორი უცხოური. ეს საზოგადოების აღშფოთებას იწვევს. ვაპირებთ ჩვენ, რომ ჩავატაროთ პიკეტი აქცია კინოთეატრ ამირანთან და ყველა სეანსზე მივალთ და ვეცდებით, რომ გავაპროტესტოთ. ეს არის რეალურად მამათმავლური ლობის მიერ ინდოქტრინებული და თავსმოხვეული ქართულ საზოგადოებაზე ეს ჰომოსექსუალიზმის პროპაგანდა, რომელიც მოდის და ხდება ხელისუფლების დაშვებით." 

"ჩვენ პროტესტს ვუგზავნით ივანიშვილს და პირველ რიგში ჩვენს მთავრობას, რომელმაც ეს ყველაფერი დაუშვა"  - აცხადებს გურამ ფალავანდიშვილი. 

ძალადობრივი დაჯგუფების ლიდერის თქმით, ლევან აკინის ფილმის "And Then We Danced" ჩვენების დროს გამართული პროტესტისგან განსხვავებით, ამ შემთხვევაში, რადგან ფილმი საქართველოს ტრადიციებს არ ეხება (მაგალითად: ცეკვას, ჩოხას და ასე შემდეგ) მონაწილეებს უნდათ, შევიდნენ ფილმის განხილვაზე და ასაუბრონ "ქართველი დედები", რომლებიც აღნიშნავენ, რომ ფილმის სიუჟეტი "ბინძური ცხოვრების წესის" პროპაგანდაა. 

პრესკონფერენციაზე ჰომოფობიურმა ჯგუფებმა განაცხადეს, რომ კომუნიკაცია სასულიერო პირებთანაც ჰქონდათ. ისინი ფიქრობენ, რომ სასულიერო პირები მათ შეუერთდებიან. ფალავანდიშვილის თქმით, აქციის დროს არც პიროტექნიკის გამოყენებას გამორიცხავს, თუმცა, მისი აზრით, აკინის ფილმისგან განსხვავებით, ამ სურათმა საზოგადოებაში ნაკლები პროტესტი გამოიწვია. 

კომენტარები