დონალდ ტრამპი

დონალდ ტრამპმა ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროები მოინახულა

დონალდ ტრამპი ავღანეთში
AFP

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ავღანეთში მყოფი ამერიკელი სამხედროები მოინახულა. ვიზიტის შესახებ წინასწარ არ იყო ცნობილი. ტრამპი სამხედროებს მადლიერების დღეს ესტუმრა, ინდაურით გაუმასპინძლდა და მათთან ფოტოები გადაიღო. სამხედროებისადმი მიმართვაში ტრამპმა თქვა, რომ აშშ თალიბანთან მოლაპარაკებებს აწარმოებს და რომ მათ შეთანხმების მიღწევა სურთ. ასევე ხაზი გაუსვა იმას, რომ აშშ ავღანეთში სამხედრო ძალების რიცხვს საგრძნობლად შეამცირებს.

"ჩვენ ვხვდებით მათ [თალიბანს] და ვეუბნებით, რომ ცეცხლის შეწყვეტა უნდა მოხდეს. მათ არ სურდათ ცეცხლის შეწყვეტა, მაგრამ ახლა სურთ. ჩემი აზრით ამგვარად მუშაობა შესაძლებელია. ჩვენ დავრჩებით მანამდე, სანამ გვექნება შეთანხმება ან გამარჯვება. მათ ძალიან სურთ შეთანხმება." თქვა მან.

ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ტრამპი ავღანეთში ჩავიდა. ის ქვეყნის პრეზიდენტს, აშრაფ ღანისაც შეხვდა.

ამჟამად ავღანეთში 13,000 ამერიკელი სამხედრო რჩება. ტრამპმა ქვეყანა უკვე დატოვა. მისი ვიზიტი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე გასაიდუმლოებული იყო. თეთრ სახლში დაადასტურეს, რომ ვიზიტისას პრეზიდენტის ტვიტერზე პოსტები მაინც იდებოდა, რათა ხანგრძლივ სიჩუმეს ვინმე არ დაეეჭვებინა.

შეგახსენებთ, რომ სექტემბრის დასაწყისში აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თქვა, რომ თალიბანთან მოლაპარაკებები მკვდარია.

მანამდე მხარეებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებებისას თითქმის მიაღწიეს შეთანხმებას 18-წლიანი კონფლიქტის დასასრულებლად. ტრამპმა ისიც თქვა, რომ ავღანეთის პრეზიდენტის, აშრაფ ღანის და თალიბანის ლიდერების მიწვევას აპირებდა კემპ დევიდში 8 სექტემბერს შეთანხმების ხელმოსაწერად.

თუმცა, 6 სექტემბერს ქაბულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რომელზე პასუხისმგებლობაც თალიბანმა აიღო და რომელსაც 12 ჯარისკაცი, მათ შორის ერთი ამერიკელი ემსხვერპლა, ტრამპმა მოლაპარაკებები დასრულებულად გამოაცხადა და თქვა, რომ ჯგუფს მოლაპარაკებების საწარმოებელი ძალა არ აქვს, თუ ამ პერიოდში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დაცვასაც ვერ ახერხებენ.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ თალიბანის უკანასკნელი თავდასხმები დაგმო და თქვა, რომ დაჯგუფებამ მშვიდობისადმი მათი გულწრფელი მზაობა უნდა აჩვენოს.

აშშ-ის მხრიდან თალიბანთან მოლაპარაკებებს ზალმაი ხალილზადი, ავღანეთში დაბადებული ამერიკელი დიპლომატი აწარმოებდა. მან თქვა, რომ ორივე მხარეს შედგენილი ჰქონდა ჩარჩო შეთანხმება, რომლის თანახმადაც, აშშ-ის სამხედრო ძალები ავღანეთის 5 სამხედრო ბაზას ხელმოწერიდან 135 დღის მანძილზე დატოვებდნენ. შეთანხმების ფარგლებში თალიბანი უარყოფდა ალ-ქაიდას და დათანხმდებოდა ცეცხლის შეწყვეტას.

გასულ კვირას თალიბანის ლიდერებმა დაადასტურეს, რომ დოჰაში აშშ-ის წარმომადგენლებთან შეხვედრები მიმდინარეობს, თუმცა მოლაპარაკებები ოფიციალურად ჯერ არ დაწყებულა.

აშშ-ის მოლაპარაკებების ჩაშლის შემდეგ ავღანეთის მთავრობასა და თალიბანს შორის შეხვედრის ორგანიზებას ახლა ჩინეთიც გეგმავს.

კომენტარები