ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

"ამბობს, რომ მხნედ არის" - წითელმა ჯვარმა ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის დელეგატმა ოკუპირებული ცხინვალის ციხეში ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი მოინახულა.

"ეს მეორე ვიზიტი იყო. პირველი ვიზიტი 18 ნოემბერს შედგა. ჩვენი დელეგატი მასთან დაახლოებით 14:00 საათზე შევიდა. შეხვედრა ჩვენი მოთხოვნების შესაბამისად ჩატარდა, რაც მასთან პირისპირ დარჩენას და საუბარს გულისხმობდა. ასევე, გადავეცით მისი ოჯახის წერილი და ამჯერადაც, მან საპასუხო წერილი გამოგზავნა, რომელიც მის ოჯახს უკვე გადავეცით. სამწუხაროდ, დეტალებზე საუბრის უფლებამოსილება მე არანაირად არ მაქვს. ერთადერთი, რაც შემიძლია გითხრათ, ისიც იმიტომ, რომ ამ საქმის მიმართ ძალიან მაღალი ინტერესია, თავს ნორმალურად გრძნობს და ამბობს, რომ მხნედ არის“, - უთხრა ინტერპრესნიუსს წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, მაია ქარდავამ.

უკვე 20 დღე გავიდა მას შემდეგ, რაც ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმს ჰყავს დატყვევებული. ხელისუფლების წარმომადგენლები ამბობენ, რომ "ყველა რესურსი ამოქმედებულია" და "ვიყენებთ ყველა საერთაშორისო ინსტრუმენტს", თუმცა, დაკავებული ექიმის გათავისუფლებას მარიონეტული რეჟიმი ჯერჯერობით არ აპირებს.

ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტებმა 9 ნოემბერს დააკავეს. მას ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი აცხადებს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". ოკუპირებული ცხინვალის ცნობით, გატაცებულმა ექიმმა დაკითხვის დროს თქვა, რომ ე.წ.სამხრეთ ოსეთი რუსეთის მიერ ოკუპირებული საქართველოს ტერიტორიაა, ის იმყოფება საქართველოში და სარგებლობს თავისუფლად გადაადგილების კანონიერი უფლებით. ამასთან, ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის ინფორმაციით, ვაჟა გაფრინდაშვილმა აღნიშნა, რომ ის საქართველოს NATO-ში გაწევრიანებას ემხრობა.

კომენტარები