უკრაინა - რუსეთი

ზელენსკისა და პუტინს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

პარიზში დაგეგმილ შეხვედრამდე ორი კვირით ადრე, 25 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შორის სატელეფონო საუბარი შედგა. 

კრემლისა და ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, მათ ისაუბრეს რუსეთის, უკრაინასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებებზე, რომ რუსეთმა უკრაინის ტერიტორიაზე გამავალი გაზის მილსადენით ევროპას ბუნებრივი აირი კვლავ მიაწოდოს. 

რუსეთსა და უკრაინას შორის გაზის ტრანზიტის შესახებ ხელშეკრულებას ვადა 1-ელ იანვარს ეწურება, ხოლო ევროკავშირის შუამავლობით ახალ კონტრაქტზე მოლაპარაკება მომავალი კვირიდან იწყება. უკრაინის ტერიტორიაზე რუსული მილსადენის გატარების გამო რუსეთი უკრაინას ყოველწლიურად 2.8 მილიარდ აშშ დოლარს უხდის.

ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, ზელენსკიმ რუსეთს გასულ წელს ქერჩის სრუტეში დაკავებული სამი ხომალდიდან, რომელიც მხოლოდ გასულ კვირას გაათავისუფლეს, "ყველა იარაღის, აღჭურვილობის და დოკუმენტების დაბრუნება" მოსთხოვა. უკრაინული მხარის მტკიცებით, რუსებმა მოიპარეს ტუალეტის უნიტაზები, ნათურები და დენცქვიტებიც კი.

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი და რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი 9 დეკემბერს პარიზში ნორმანდიის სამიტის ფარგლებში შეხვდებიან ერთმანეთს. კრემლისა და ზელენსკის ოფისის განცხადებებში მომავალი შეხვედრის შესახებ ინფორმაცია არ წერია. 

უკრაინის საკითხზე უკრაინის, რუსეთისა და ეუთოს სამუშაო ჯგუფის წარმომადგენლები შეთანხმდნენ ე.წ. შტაინმაიერის ფორმულის მიღებაზე, რაც დონბასის რეგიონში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებას გულისხმობს. ზელენსკის გადაწყვეტილებას უკრაინაში პროტესტი მოჰყვა - მოსახლეობის ნაწილი მის ნაბიჯს კაპიტულაციად აფასებს.

კონფლიქტი დონბასის რეგიონში უკვე მეექვსე წელია მიმდინარეობს. 2014 წელს რუსეთის მიერ ანექსირებული ყირიმის შემდეგ, რუსეთის მხარდაჭერილმა პრორუსმა სეპარატისტებმა აღმოსავლეთ უკრაინაში დონეცკისა და ლუგანსკის ტერიტორიები დაიკავეს. 2014 წლის აპრილიდან დღემდე კონფლიქტს დაახლოებით 13 000 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის, რუსებმა 240 ბავშვი მოკლეს, ხოლო 56 ამ დრომდე დაკარგულად ცხადდება. კონფლიქტში დაახლოებით 30 000 ადამიანი დაშავდა. რუსეთი სამხედრო ძალითა და იარაღით ეხმარება ოკუპირებული დონბასის სეპარატისტებს.

24 აპრილს პუტინმა აღმოსავლეთ უკრაინაში, ოკუპირებულ დონბასში მცხოვრებთათვის რუსეთის მოქალაქეობის აღება გაამარტივა.

კომენტარები