პროპორციული სისტემა

"ეფუძნება გერმანულ მოდელს, ითვალისწინებს ქართულ რეალობას" - ოპოზიციამ დოკუმენტი შეიმუშავა

ტაბულა

ოპოზიციამ შეიმუშავა საარჩევნო მოდელი, რომელსაც საერთაშორისო ორგანიზაციებს გადასცემს შესაფასებლად. ახალი საქართველოს ლიდერმა გიორგი ვაშაძემ ლებორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ თქვა, რომ შემუშავებული დოკუმენტი სრულად შეესაბამება კონსტიტუციას, ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს საქართველოს რეალობას.

"რა არის სიახლე - პროპორციულად ნაწილდება ხმები არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შორის, მაგრამ შენარჩუნებულია მაჟორიტარული სისტემა, ისე როგორც საქართველოს კონსტიტუცია მოითხოვს. იქნება მრავალმანდატიანი ოლქები, 6-7-8-მანდატიანი მაჟორიტარული ოლქები.

თითოეულ ამომრჩეველს ექნება ერთი ხმის უფლება და შესაბამისად, არ ექნება შესაძლებლობა არც ერთ პოლიტიკურ ძალას, მიიტაცოს ხელისუფლება. ეს მოდელი იძლევა საშუალებას, მაქსიმალურად იყოს გამოხატული თითოეული ადამიანის ინტერესი და რაც მთავარია, ხელისუფლება ერთხელ და სამუდამოდ ემსახურებოდეს ხალხს და არა კონკრეტულ ადამიანებს და ავტორიტარებს, რომლებიც ყალიბდებიან ძველი სისტემის პირობებში.

აქედან გამომდინარე, ეს დოკუმენტი, რომელიც ჩვენ შევიმუშავეთ, გადაეცემა საერთაშორისო ორგანიზაციებს, მზად არის იმისთვის, რომ ინიცირებული იყოს პარლამენტში, სჭირდება მხოლოდ 76 ხმა და არა საკონსტიტუციო უმრავლესობა ან რაიმე სხვა.

ეს არის ძალიან მარტივი გზა, გამოსავალი იმისთვის, რომ საქართველომ ერთხელ და სამუდამოდ გადალახოს ის კატასტროფული საარჩევნო სისტემა, რომელიც დღეს არის ქვეყანაში" - თქვა ვაშაძემ.

ოპოზიციის განმარტებით, ყველა კონსტიტუციონალისტი, ვისაც ესაუბრნენ, ცალსახად ამბობს, რომ დოკუმენტი სრულად შეესაბამება საქართველოს კონსტიტუციას.

"ანუ შევქმენით მოდელი, რომელიც ეფუძნება გერმანულ მოდელს, მაგრამ ითვალისწინებს ქართულ რეალობას, იქნება მათ შორის მაჟორიტარული სისტემაც, მაგრამ იქნება მრავალმანდატიანი ოლქები და არ ექნება მანიპულაციის შესაძლებლობა ქართულ ოცნებას. მიიღებს 25%-ს? ეყოლება 25% დეპუტატების, მიიღებს 40%-ს? ეყოლება 40% დეპუტატების და ასე შემდეგ" - თქვა გიორგი ვაშაძემ.

მას შემდეგ, რაც უმრავლესობამ პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ კანონპროექტი ჩააგდო, ქვეყანაში ხალხმრავალი აქციები დაიწყო. ოპოზიცია და სამოქალაქო საზოგადოება ვადამდელ არჩევნებს ითხოვს, ე.წ გერმანული მოდელით.

ქართული ოცნება კი აცხადებს, რომ "თემა დახურულია და 2020 წლის არჩევნები შერეული წესით ჩატარდება". ამასთან, მმართველი გუნდი 2020-2021 წელს აპირებს, პლებისციტზე გაიტანოს საკითხი, რა სისტემით ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. ეს იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა, კონსტიტუციაში 2020 წლის შემდგომი საპარლამენტო არჩევნების შესახებ ჩანაწერი - სრულად პროპორციულ სისტემაზე გადასვლის შესახებ - შეიცვალოს.

კომენტარები