ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

ღუდუშაურის სამედიცინო ცენტრი: 2008 წლის ომის დროს ვაჟა გაფრინდაშვილი კლინიკიდან არ გასულა

ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი "მორიგ უსაფუძვლო განცხადებას" უწოდებს საოკუპაციო რეჟიმის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ  ვაჟა გაფრინდაშვილი 2008 წლის ომში მონაწილეობდა, როგორც სამხედრო ექიმი.

"2008 წლის აგვისტოში, ვაჟა გაფრინდაშვილი გაუსვლელად იმყოფებოდა ღუდუშაურის სახელობის კლინიკაში და პირნათლად ასრულებდა პროფესიულ მოვალეობას.

იგი, როგორც საკუთარ პროფესიაზე შეყვარებული ჭეშმარიტი ექიმი ჩვენი კლინიკის კედლებში იბრძოდა პაციენტების სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის. აი, ეს გახლავთ სიმართლე.

სამედიცინო საზოგადოების სახელით კიდევ ერთხელ ვგმობთ ყველაზე ჰუმანური პროფესიის წარმომადგენლის მიმართ განხორციელებულ ძალადობრივ და არაჰუმანურ ქმედებებს, სოლიდარობას ვუცხადებთ ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახს და მოვითხოვთ მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას" - ნათქვამია კლინიკის განცხადებაში.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის უკვე 11 დღეა, გატაცებული ჰყავთ. გაფრინდაშვილი "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. 18 ნოემბერს, ცხინვალის იზოლატორში დაკავებული ექიმი წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა მოინახულა.

კომენტარები