ვაჟა გაფრინდაშვილის გატაცება

კალაძე: ვაჟა ექიმი თავს კარგად გრძნობს, უწყებები ყველაფერს აკეთებენ, რათა მალე გათავისუფლდეს

თბილისის მერის ინფორმაციით, საოკუპაციო რეჟიმის მიერ გატაცებული ექიმი თავს კარგად გრძნობს და ფიზიკურად ყველაფერი ნორმალურადაა.

კახა კალაძე აღნიშნავს, რომ შესაბამისი უწყებები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ ვაჟა გაფრინდაშვილი რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს.

"ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებს მივაწვდინოთ ხმა მის უკანონო დაკავებასთან დაკავშირებით. ვფიქრობ, ყველამ ვიცით, რომ როგორც ჟურნალისტი, ასევე ექიმი არის ხელშეუხებელი, რაც არ უნდა ცხელი წერტილი იყოს. ყველა სამსახური და შესაბამისი უწყება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ რაც შეიძლება მალე გათავისუფლდეს ის. თვითონ ვაჟა ექიმს რაც შეეხება, კარგად გრძნობს თავს. არანაირი პრობლემა არ აქვს, ფიზიკურად, ყველანაირად არის ნორმალურად", - თქვა კახა კალაძემ.

მან ეს განცხადება თბილისის მთავრობის სხდომის დაწყებამდე გააკეთა და აღნიშნა, რომ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად ყველა ტრიბუნა უნდა იყოს გამოყენებული.

საოკუპაციო ძალების მიერ გატაცებულ ექიმს, ვაჟა გაფრინდაშვილს ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. სასამართლომ 2-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. ის 9 ნოემბერს გაიტაცეს და "საზღვრის უკანონო გადაკვეთის" ბრალდებით არის დაკავებული. დე ფაქტო უშიშროების კომიტეტის ცნობით, მან საოკუპაციო ხაზი მიზანმიმართულად გადაკვეთა.

თავად ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ცხინვალის ე.წ სამართალდამცველების მიერ "საზღვრის" უკანონოდ გადალახვის შესახებ წარდგენილ ბრალს არ აღიარებს და ამბობს, რომ "იმყოფება საქართველოში, ქართულ მიწაზე". 

როგორც "რადიო თავისუფლება" სანდო წყაროზე დაყრდნობით წერს, ექიმ გაფრინდაშვილს 7 დღეა ერთი და იგივე ტანსაცმელი ეცვა. ამავე წყაროს ინფორმაციით, გატაცებული ექიმისთვის პირველადი მოხმარების ნივთებისა და ტანსაცმლის მიწოდებას მონაზვნის საშუალებით გეგმავენ, რომელსაც პატიმრების მონახულების უფლება აქვს.

კომენტარები