გიგა ბოკერია: მწვავე პროტესტი გაგრძელდება იქამდე, სანამ ივანიშვილი უკან არ დაიხევს

გიგა ბოკერია

ევროპული საქართველოს ლიდერი გიგა ბოკერია იმ შეთანხმებებზე საუბრობს, რომელსაც ოპოზიციურმა პარტიებმა, პოლიტიკოსებმა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებმა ერთობლივად მიაღწიეს. 

ბოკერიას თქმით, ის ვითარება, რაც ოპოზიციის გუშინდელ შეხვედრაზე იყო, კიდევ უფრო მეტად გამყარდა და მათ სრული ერთიანობა აქვთ ისეთ საკითხებში, როგორიცაა საპროტესტო აქციების დაგეგმვა და მწვავე პროტესტის გაგრძელება იქამდე, სანამ ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი უკან არ დაიხევს. 

შეკითხვაზე, მწვავე პროტესტში იგულისხმება, თუ არა აჯანყება, ბოკერია პასუხობს, რომ "ამ ტერმინებისა და ნაბიჯების გარეშეც არსებობს ძალიან მწვავე პროტესტის რესურსი".

დეპუტატი ამბობს, რომ ოპოზიციური ფლანგის მთავარი მოთხოვნა უცვლელია და ის კვლავ ვადამდელი პროპორციული არჩევნების ჩატარებაა. 

"ამის გზაც არსებობს, ამ გზებზეც ვისაუბრეთ, სწრაფად როგორ უნდა გაკეთდეს. მარტივი ამბავია, 76 ხმით შეიძლება ამის გაკეთება," - ამბობს ბოკერია მთავარი არხისთვის მიცემულ კომენტარში. 

დეპუტატის განმარტებით, იმისთვის, რომ ბიძინა ივანიშვილი, რომელმაც საზოგადოებას "უტიფრად მიაყენა შეურაცხყოფა", იძულებული გახდეს, რომ ვადამდელი პროპორციული არჩევნები ჩაატაროს, საჭიროა მწვავე პროტესტი და ოპოზიციის ერთიანობა. 

ჟურნალისტმა ბოკერიას პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის, მიერ გაკეთებული კომენტარი შეახსენა, რომელმაც 15 ივნისს ბრიფინგზე თქვა, რომ ე.წ გერმანულ მოდელს მმართველი გუნდი არ დათანხმდება, რაზეც ბოკერიამ უპასუხა, რომ თალაკვაძეს არავინ ეკითხება და რომ ასეთ საკითხებს ბიძინა ივანიშვილი წყვეტს. 

"დასცინა მათ [ქართულ ოცნებას]. ერთ ჯგუფს ერთი რამ ალაპარაკა, მეორეს - მეორე,"- ამბობს ბოკერია. 

დეპუტატის თქმით, მთელი ეს პროტესტი ივანიშვილისა და ივანიშვილის წინააღმდეგაა მიმართული და ამ პროცესმა დუღილის იმ ტემპერატურას უნდა მიაღწიოს, რომ ივანიშვილს სხვა გზა აღარ ჰქონდეს, გარდა იმისა, რომ გადადგას ისეთი ნაბიჯები, რაც საქართველოს სჭირდება. 

"გაგრძელდება დიდხანს? კიდევ უფრო გამწვავდება,"- თქვა გიგა ბოკერიამ. 

ჟურნალისტის შეკითხვაზე, უშვებს თუ არა იმის ალბათობას, რომ ვადამდელი არჩევნების შერეული, მოქმედი წესით ჩატარების შემთხვევაში, ოპოზიციური პარტიები საერთო კანდიდატებზე შეთანხმდნენ, ბოკერია პასუხობს, რომ თუკი ასეთი მოდელი შენარჩუნდება, რაც მისი თქმით, არ უნდა მოხდეს, მაშინ აბსოლუტურად ლოგიკური იქნება, რომ ოლქების ნაწილში მაინც ოპოზიცია საერთო კანდიდატებზე შეჯერდეს. 

"თუმცა, ჩვენი ამოცანაა, რომ იყოს ვადამდელი და პროპორციული არჩევნები, რაც აბსოლუტურად მიღწევადია. თუ დადგა ის მოდელი, რაც თქვენ ახსენეთ, მაშინ ისე მოვიქცევით, როგორც ლოგიკური და რაციონალურია,"- თქვა ბოკერიამ. 

დეპუტატი ამბობს, რომ სრულად პროტესტის სიმწვავეზეა დამოკიდებული ის, დააკმაყოფილებს, თუ არა ბიძინა ივანიშვილი ოპოზიციის მოთხოვნებს. 

"ჩვენ პოლიტიკოსებს უნდა გვქონდეს მოთმინება და დისციპლინირებული პროტესტი,"- ამბობს ბოკერია. 

ჟურნალისტმა მას პრორუსულ ჯგუფებთან თანამშრომლობაზეც დაუსვა კითხვა, რაზეც ბოკერიამ უპასუხა, რომ ამ შემთხვევაში საუბარი არ არის ხედვების ერთიანობაზე ან არჩევნებში ერთად გასვლაზე. მისი თქმით, ეს საერთოდ არც კი განიხილება. ბოკერია განმარტავს, რომ ამ შემთხვევაში საუბარია ფუნდამენტური თამაშის წესებზე. 

"ამ კაცმა, ბიძინა ივანიშვილმა, თავისი უტიფრობითა და შეურაცხყოფით, მოახერხა, რომ ყველა ცდილობს, რომ მინიმალური თამაშის წესები იქნეს დაცული ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის, რომ ამომრჩევლები წყვეტდნენ და სიტყვებს - სიტყვა, შეთანხმება, საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება - რაიმე ფასი ჰქონდეს იმის შემდეგ, რაც ივანიშვილმა მოატყუა, გადააგდო უკვე მერამდენდედ საზოგადოება," - თქვა გიგა ბოკერიამ. 

ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიებისა და პოლიტიკოსების შეხვედრა მეორედ გაიმართა, რომელსაც ამჯერად სამოქალაქო აქტივისტებიც ესწრებოდნენ. ოპოზიციის მოთხოვნა უცვლელია - ვადამდელი არჩევნები პროპორციული საარჩევნო წესით. 

პარალელურად რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია იმართება. პარლამენტის წინ აქციების განახლებას წინ უძღოდა ქართული ოცნების მიერ პირობის არშესრულება და იმ საკონსტიტუციო ცვლილებათა პაკეტის ჩაგდება, რომელიც 2020 წლის არჩევნების სრულად პროპორციული წესით ჩატარებას ითვალისწინებდა. 

მომდევნო არჩევნებიდანვე პროპორციულ სისტემაზე გადასვლის დაპირება ქართული ოცნების ლიდერმა, ბიძინა ივანიშვილმა, 24 ივნისს გასცა. დაპირებას წინ უძღოდა გავრილოვის ღამე, რომელსაც რუსთაველის გამზირზე რამდენიმე დღის განმავლობაში ფართომასშტაბიანი აქციები მოჰყვა, რომელთა 3 მთავარი მოთხოვნიდან ერთერთი სწორედ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარება იყო. 

ქართულმა ოცნებამ თავად შეიმუშავა ცვლილებათა პროექტი, რომელიც 97 დეპუტატის ხელმოწერით წარუდგინა პარლამენტს. ჩატარდა საერთო სახალხო განხილვაც, თუმცა სესიის ფარგლებში განხილვის დაწყებამდე ორი დღით ადრე მოულოდნელად მმართველი გუნდის მაჟორიტარი დეპუტატები კანონპროექტის წინააღმდეგ წავიდნენ. მათ შორის ისინიც, ვინც ცვლილებების ინიცირებას თავდაპირველ ეტაპზე მხარი დაუჭირა. 

კომენტარები