20-21 ივნისის აქცია

20 ივნისის აქციის დარბევისას პროკურატურამ 3 პირი, მათ შორის, მაკო გომური, დაზარალებულად ცნო

მაკო გომური

საქართველოს მთავარმა პროკურატურამ 20-21 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულებს, მაკო გომურს, ომარ სეხნიაშვილს და მირზა ლიპარტელიანს, დღეს, 11 ნოემბერს, მიანიჭა დაზარალებულის სტატუსი.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, გამოძიების ფარგლებში დაიკითხა 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები.

"გავრილოვის ღამეს" დაშავებული სხვა პირების შესახებ პროკურატურაში ამბობენ, რომ საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი, მიენიჭებათ თუ არა მათაც დაზარალებულის სტატუსი.

"2019 წლის 20-21 ივნისს, საქართველოს პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების მიღების და შესაძლო დანაშაულებრივ ეპიზოდებთან დაკავშირებით დამატებითი საგამოძიებო მოქმედებების ჩატარების შემდეგ, დაზარალებულად იქნა ცნობილი მაია გომური, ომარ სეხნიაშვილი და მირზა ლიპარტელიანი.

გამოძიების ფარგლებში ჩატარებულია ასობით საგამოძიებო მოქმედება - გამოკითხულია 600-ზე მეტი პირი, მათ შორის სამართალდამცავები. გამოკვლეულია პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე განვითარებული მოვლენების ამსახველი შესაბამისი ვიდეომასალა. დანიშნულია ექსპერტიზები. რაც შეეხება მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სხვა პირების დაზარალებულად ცნობის საკითხს, საგამოძიებო პროცედურების დასრულების შემდეგ თითოეულ ფაქტთან დაკავშირებით მიღებული იქნება შესაბამისი სამართლებრივი გადაწყვეტილება, რის შესახებაც  საზოგადოებას პერიოდულად მიეწოდება ინფორმაცია", - წერია მთავარი პოკურატურის მიერ გავცელებულ განცხადებაში.

ცნობისთვის, 20 ივნისის აქციის დარბევისას დაშავებულ მაკო გომურს და სხვა პირებს პროკურატურამ და სასამართლომ დაზარალებულის სტატუსზე უარი უთხრეს. სასამართლოს განმარტებით, "აუცილებელია, საქმეზე დასაბუთებული ვარაუდით დადგინდეს ჩადენილია თუ არა დანაშაული და უშუალოდ რა დანაშაულის ჩადენის შედეგად მიადგა პირს ზიანი."

აღსანიშნავია, რომ 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით დაზარალებულად უფრო მეტი სამართალდამცველია ცნობილი, ვიდრე აქციის მონაწილე. კერძოდ, აქციის ძალადობრივად დაშლიდან ოთხი თვის შემდეგ, დაზარალებულად ცნობილია 67 სამართალდამცავი და აქციის 4 მონაწილე.

კომენტარები