უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ომბუდსმენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესს საკონსტიტუციოში ასაჩივრებს

ტაბულა

სახალხო დამცველმა 1 ნოემბერს საკონსტიტუციო სასამართლოს სარჩელით მიმართა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესის არაკონსტიტუციურად ცნობას მოითხოვა.

ნინო ლომჯარიას თქმით, უმაღლეს საბჭოში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენი კანდიდატების შერჩევის წესი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მოქალაქის საჯარო თანამდებობის დაკავების, სამართლიან სასამართლოზე წვდომის უფლებებს და დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს პრინციპებს. 

"საკონსტიტუციო სარჩელით სახალხო დამცველი საკონსტიტუციო სასამართლოს წინაშე აყენებს შუამდგომლობას, საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე სადავო ნორმების შეჩერების თაობაზე,"- თქვა ლომჯარიამ ბრიფინგზე. 

სახალხო დამცველის განმარტებით, იმ შემთხვევაშიც კი, თუ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო შეაჩერებს სადავო ნორმების მოქმედებას საქმის საბოლოო გადაწყვეტამდე, ეს პარლამენტისათვის უკვე წარდგენილი კანდიდატების განხილვისა და მათ განსაწესებლად ჩასატარებელ კენჭისყრის პროცესს ვერ შეაჩერებს. 

როგორც ლომჯარია ამბობს, საკონსტიტუციო სარჩელი ეფუძნება ვენეციის კომისიისა და ეუთო/ოდირის დასკვნებს კანონპროექტთან დაკავშირებით და ასევე მოსამართლეთა შერჩევის პროცესის მონიტორინგისას გამოვლენილ გარემოებებს. მონიტორინგი ჩაატარა როგორც სახალდო დამცველმა, ისე ეუთო/ოდირმაც. 

ომბუდსმენის თქმით, განსაკუთრებით პრობლემატური ორი საკითხი იყო:

"პირველ რიგში ის, რომ კანდიდატების შერჩევის საკითხზე გადაწყვეტილების ფარულად და დასაბუთების გარეშე მიღება ხდება და მეორე ის, რომ მათი გასაჩივრების შესაძლებლობა არ არსებობს". 

ლომჯარია ამბობს, რომ შერჩევის წესი არ გამორიცხავს თვითნებობის საფრთხეს, რადგან სადავო ნორმით გათვალისწინებული ფარული კენჭისყრა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს არ ავალდებულებს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება. 

"კერძოდ კი ის, თუ რატომ მიანიჭა უპირატესობა ერთ კანდიდატს, ან უარი უთხრა მეორეს,"- ამბობს ომბუდსმენი. 

ლომჯარიას თქმით, გასაჩივრების უფლების არარსებობით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებს ერთმევათ შესაძლებლობა, სასამართლო წესით ამტკიცონ მართ შერჩევაზე უარის თქმის არამართლზომიერება. 

"ეს წესი ვერ უზრუნველყოფს სამართლიან პროცესს და იმ კანდიდატებს, რომლებიც აკმაყოფილებენ კანონით გათვალისწინებულ ნორმებს, გაუმართლებლად უზღუდავს შესაძლებლობას, საკუთარი პროფესიული თუ სხვა უპირატესობების შესაბამისად იყვნენ შერჩეულნი,"- ამბობს ლომჯარია.

სახალხო დამცველის თქმით, მათ მიერ წარმოებულმა მონიტორინგმა რამდენიმე გარემოება გამოავლინა, მათ შორის, უპირველეს ყოვლისა ის, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები წინასწარ შეთანხმებულ კანდიდატთა მხარდაჭერის მიზნით ურთიერთშეთანხმებითა და კოორდინაციით მოქმედებდნენ. 

"ეს დაადასტურა, რომ კანონით გათვალისწინებული კენჭისყრებისა და შეფასების ფარულობა ვერ უზრუნველყოფდა საბჭოს წევრების მიერ მოსამართლეობის კანდიდატების შეფასების სისტემისა და კრიტერიუმების საფუძველზე შერჩევას და საბჭოს წევრების ზეგავლენისაგან დაცვას,"- ამბობს ლომჯარია. 

ომბუდსმენი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ფარული კენჭისყრით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის მიმდინარე პროცესსაც გამოეხმაურა. ბოლო ასეთი კენჭისყრა 31 ოქტომბერს ჩატარდა და ერთ ვაკანტურ ადგილზე 3 კანდიდატი დასახელდა. ლომჯარია ამბობს, რომ კანდიდატის შერჩევის დროს ფარულ კენჭისყრაზე იგივე პრობლემა გამოვლინდა, რაც 20 ვაკანსიაზე გამოცხადებული შერჩევის მიმდინარეობისას. 

"კერძოდ, საბჭოს კვლავ არ განუსაზღვრავს პროცედურა, რომელიც მომდევნო ეტაპზე გადასულ სამ კანდიდატს კომპეტენეტურობისა და კეთილსინდისიერების კრიტერიუმით გამოავლენდა შესაბამისად, შეუძლებელია იმის თქმა, რომ ეს სამი კანდიდატი დანარჩენ 12-ს კეთილსინდისიერებითა და კომპეტენციით სჯობდა," - ამბობს ნინო ლომჯარია. 

კომენტარები