უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

ომბუდსმენი: სასურველია, დაინიშნოს მოსამართლეების მცირე რაოდენობა, საუკეთესო კანდიდატები

ტაბულა

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ სასურველია, პარლამენტმა უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეების მხოლოდ აუცილებელი რაოდენობა დაამტკიცოს და ისინი შეარჩიონ გამოცდილებისა და კეთილსინდისიერების მიხედვით.

"მე მივმართავდი პარლამენტს და ვეტყოდი, რომ მან მხედველობაში მიიღოს სახალხო დამცველის მონიტორინგის ანგარიში, ასევე, ის ფაქტი, რომ აღნიშნული კანონმდებლობა გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში, ამიტომ, ჩემი სურვილი იქნებოდა, რომ პარლამენტმა დანიშნოს მხოლოდ მცირე რაოდენობა, ანუ მოსამართლეების ის რაოდენობა, რომლებიც სასიცოცხლოდ აუცილებელი და მნიშვნელოვანია უზენაესი სასამართლოს ფუნქციონირებისთვის, რადგან იქაც არსებობს გადატვირთულობის პრობლება და არ უნდა შეფერხდეს სამართალწარმოება. რა თქმა უნდა, წარდგენილებიდან უნდა შეარჩიონ ყველაზე საუკეთესო კანდიდატები თავიანთი გამოცდილებითა და კეთილსინდისიერებით", - ამბობს ნინო ლომჯარია.

ის მიუთითებს სახალხო დამცველის საკონსტიტუციო სარჩელზეც, სადაც ომბუდსმენი ითხოვს იმ ნორმების არაკონსტიტუციურად ცნობას, რომელთა მიხედვითაც შეარჩიეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატები, ასევე, საქმის განხილვის პროცესში მოსამართლეების შერჩევის შეჩერებას.

ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით განცხადებაში სახალხო დამცველი აღნიშნავს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევაზე დაკვირვებამ მრავალი პრობლემა გამოავლინა, რომლებმაც პროცესის სამართლიანად, მაღალი სტანდარტებით წარმართვაზე არსებითი გავლენა მოახდინეს.

ომბუდსმენის თქმით, იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წარმართულმა პროცესმა ვერ შეძლო ობიექტური დამკვირვებლის დარწმუნება იმაში, რომ პარლამენტს უვადოდ ასარჩევად საბოლოოდ ყველაზე კომპეტენტური და კეთილსინდისიერი კანდიდატები წარედგინა.

"შერჩევის პროცესი წარიმართა ფარულად, გამოიკვეთა საბჭოს წევრთა მიერ ურთიერთშეთანხმების შემთხვევები, რაც პროცესის სამართლიანად წარმართვას აყენებდა ეჭვქვეშ. ამავდროულად, მოქმედმა საკანონმდებლო ჩარჩომ, რომლის მიხედვითაც საბჭოს გადაწყვეტილებები არ საბუთდება და არ საჩივრდება, ვერ უზრუნველყო კონკურსში მონაწილეთა უფლებების დაცვა. ასევე საკანონმდებლო ჩანაწერის მიუხედავად, პარლამენტისთვის წარდგენილ კანდიდატებს შორის აღმოჩნდნენ პირები, რომელთა მიერ კანონით განსაზღვრული მინიმალური აკადემიური ხარისხის ფლობა კითხვებს წარმოშობს", - აღნიშნავს ომბუდსმენი.

11 დეკემბერს, 09:30 საათზე იურიდიულ საკითხთა კომიტეტი უზენაეს სასამართლოში უვადოდ დასანიშნი მოსამართლეობის კანდიდატებს კენჭს უყრის და გადაწყვეტს, რომელ მათგანს წარუდგენს პარლამენტს.

----------------------------------------

უზენაესი სასამართლოში უვადოდ გასამწესებლად 20 ვაკანტური პოზიციისთვის 20 კანდიდატი იბრძოდა. მათ შორის საკონსტიტუციო სასამართლოს მოქმედი მოსამართლე, ზაზა თავაძეც, რომელმაც რამდენიმე დღის წინ კანდიდატურა მოხსნა.

პარლამენტი ყველა მათგანს გაესაუბრა. საკანონმდებლო ორგანომ მათ კანდიდატურებს კენჭი სათითაოდ უნდა უყაროს.

იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრები, ასევე არასამთავრობო ორგანიზაციები მოსამართლეთა შერჩევის პროცესში დარღვევებზე საუბრობდნენ.

პარლამენტს საბჭოს არამოსამართლე წევრმა, ნაზი ჯანეზაშვილმაც მიმართა წერილით, მხარი არ დაუჭიროს არც ერთ კანდიდატს და არგუმენტებად 10 მიზეზი ჩამოთვალა.

შერჩევის პროცესი ომბუდსმენმაც შეაფასა, როგორც არაკონსტიტუციური და საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართა.

2018 წლის 24 დეკემბერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის 10 კანდიდატი დაასახელა, მათ შორის თავისი თავიც: მარიამ ცისკაძე, ნინო ქადაგიძე, მიხეილ ჩინჩალაძე, პაატა სილაგაძე, დიმიტრი გვრიტიშვილი, მერაბ გაბინაშვილი, ნინო სანდოძე, თამარ ალანია, გიორგი ტყავაძე და გიორგი მიქაუტაძე.

გიორგი მიქაუტაძემ თქვა, რომ პარლამენტის წინაშე უზენაესი სასამართლოს 18-დამ 10 ვაკანტურ თანამდებობაზე დასამტკიცებლად სწორედ ეს ადამიანები წარდგებოდნენ. სია საბჭოს რამდენიმე წევრმა წინა ღამით, ყოველგვარი პროცედურის დარღვევით შეადგინა. სიის შედგენაში ჩართულები არ ყოფილან საბჭოს არამოსამართლე წევრები, არც არასამთავრობო ორგანიზაციები და სამოქალაქო საზოგადოების სხვა წარმომადგენლები. არ ჩატარებულა კონკურსი და გასაუბრება.

როგორც სიის შემადგენლობას, ისე მისი მიღების ფორმას პროტესტი მოჰყვა, საბოლოოდ კი, 2019 წლის იანვარში სიაში მყოფმა ადამიანებმა საკუთარი კანდიდატურები გაიწვიეს.

კონკურსი ხელახლა გამოცხადდა.

თავდაპირველად იუსტიციის უმაღლეს საბჭოში განაცხადი 144-მა კანდიდატმა წარადგინა. საბოლოოდ საბჭომ 137 მათგანის კანდიდატურა განიხილა და მოკლე სია შეადგინა, რომელშიც 50 მოსამართლე შევიდა. მათგან 20 უზენაესი სასამართლოს უვადოდ დანიშნული მოსამართლე უნდა გახდეს. საბჭომ სწორედ 20 კანდიდატი შეარჩია და დასამტკიცებლად პარლამენტს წარუდგინა.

კომენტარები