And Then We Danced

And Then We Danced-ის პროდუსერი: არაავტორიზებული გავრცელება ფილმს "ოსკარზე" შანსებს უმცირებს

ანკა გუჯაბიძე

ქეთი დანელია, პროდუსერი ფილმისა And Then We Danced ("და ჩვენ ვიცეკვეთ") სოციალურ ქსელებში წერს, რომ ინტერნეტში ფილმის არაავტორიზებული, არასრული ვერსია გავრცელდა.

And Then We Danced-ის პროდუსერის თქმით, ასეთი შემთხვევები ხელს უშლის ფილმის კამპანიას, მათ შორის, ამცირებს მისი წარმატების შანსებს "ოსკარების" დაჯილდოებაზე.

"ინტერნეტსივრცეში გავრცელდა ფილმის არასრული, სამუშაო ვერსია, რომელიც არის მოპოვებული ავტორიზაციის გარეშე და წარმოადგენს სისხლის სამართლის დანაშაულს. შსს-მ უკვე აღძრა საქმე და პასუხისმგებლობაში მიეცემიან ის პირები, ვინც არაავტორიზებულად ავრცელებენ ფილმს.

ეს არის არა მარტო დანაშაული, არამედ მნიშვნელოვანად უშლის ხელს ფილმის საფესტივალო კამპანიას, მათ შორის, ამცირებს წარმატების შანსს ამერიკის კინოაკადემიის, “ოსკარის” დაჯილდოებაზე. გთხოვთ, ნუ შეუწყობთ ხელს ფილმის არაავტორიზებულ გავრცელებას და დაგვიჭირეთ მხარი უმნიშვნელოვანეს, წინასაოსკარე კამპანიის პერიოდში." - წერს დანელია.

ლევან აკინის ქართულ-შვედური ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა საქართველოში 8 ნოემბერს ძალადობრივი ჯგუფის პროტესტის მიუხედავად მაინც შედგა. ფილმის ჩვენება ყველა კინოთეატრში დაგეგმილ დროს დაიწყო და დასრულდა. უშუალოდ ფილმის მაყურებლებს ჩვენებაზე საფრთხე არ დამუქრებია. 

თუმცა, კინოთეატრ "ამირანთან" მდგომი ძალადობრივი ჯგუფის წევრები პიროტექნიკას ისროდნენ და პოლიციის კორდონს აწვებოდნენ, რათა კინოთეატრის შენობაში შეეღწიათ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ აქციაზე სულ 28 ადამიანი დააკავა, აქედან 4-ის მიმართ საქმე სისხლის სამართლის კოდექსით აღიძრა. 

ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" ჩვენებები 9 და 10 ნოემბერსაც გაგრძელდა.

 

კომენტარები