And Then We Danced

ბრეგაძე: ფილმის ყველა ბილეთი თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ იყიდეს

ქართული მარში

პროპუტინული ორგანიზაცია ქართული მარშის ლიდერის, სანდრო ბრეგაძის აზრით, ფილმის "და ჩვენ ვიცეკვეთ" პრემიერა არ შემდგარა. ბრეგაძემ TV პირველის ეთერში თქვა, რომ დარბაზებში სულ 15-20 მაყურებელი იყო და ეს მათი გამარჯვების ტოლფასია.

"შიგნით იყო 50 პოლიციელი და 15-20 მაყურებელი, ეს არის ჩვენი გამარჯვება, დიდმა ქართველმა ერთმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ის არასდროს არ შეეგუება გეი პროპაგანდას", — განაცხადა ბრეგაძემ.

ჟურნალისტის კითხვაზე, რას ნიშნავს ის, რომ ფილმის ყველა ბილეთი გაიყიდა, ბრეგაძე პასუხობს, რომ ყველა ბილეთი სოროსის ფონდმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ იყიდეს.

"ყველა ბილეთი სოროსის ფონდმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა და გიგა ბოკერიამ ჩვენთვის მოპარული ფულით იყიდა, ამ სადისტებმა ორივემ",— თქვა ბრეგაძემ. მისივე თქმით, მას ამის დამადასტურებელი ფაქტები აქვს.

ბრეგაძე ამბობს, რომ თავმოყვარე სახელმწიფოში გიგა ბოკერია პატიმრობაში იქნებოდა.

"რაოდენ სამარცხვინო ქვეყანაში ვცხოვრობთ, რომ 7 ნოემბერს სულის ამოხდით რომ ემუქრებოდა ის გიგა ბოკერია გამოდის და დემოკრატიაზე გვესაუბრება, ადამიანების გამაპატიურებელი. ნებისმიერ თავმოყვარე ქვეყანაში ლევან ვასაძის დაპატიმრებაზე კი არ ვისაუბრებდით, გიგა ბოკერია ეგდებოდა დილეგში და მოიხდიდა სასჯელს იმ საშინელებების გამო, რაც ნაციონალური მოძრაობის დროს ჩაიდინა", — განაცხადა პროპუტინული ორგანიზაციის ლიდერმა. 

ცნობისთვის, დღეს თბილისის კინოთეატრებთან სიძულვის ჯგუფების აქცია მიმდინარეობდა. ძალადობრივი ჯგუფები ფილმის “და ჩვენ ვიცეკვეთ” ჩვენების ჩაშლას ცდილობდნენ. 

მათი მცდელობის მიუხედავად, ფილმის ჩვენებები მთელი საქართველოს მასშტაბით დაგეგმილ დროს დაიწყო და შეუფერხებლად მიმდინარეობდა. შსს-ს ბოლო ინფორმაციით, კინოთეატრ ამირანთან მიმდინარე აქციაზე პოლიციამ 11 ადამიანი დაააკავა. დაკავებულთა შორისაა, აქტივისტ ანა სუბელიანზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ერთი პირი. 

ამ დროისთვის დასრულდა ფილმის მეორე სეანსიც. მაყურებლებმა კინოთეატრი ამირანი პოლიციელების კორდონის გავლით დატოვეს.

კომენტარები