ვითარება საპატრიარქოში

ომბუდსმენი ეკლესიაში სექსუალური ქმედებების შესაძლო იძულებაზე გამოძიების დაწყებას ითხოვს

სახალხო დამცველის აპარატი

სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია მოუწოდებს სამართალდამცავებს, სასულიერო პირების მხრიდან სავარაუდო სექსუალური შევიწროებისა და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ, გამოძიება დაიწყონ. 

ლომჯარია ამბობს, რომ სასულიერო პირების მიერ მედიაში ბოლო დროს გავრცელებული ინფორმაცია შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დასჯადი ქმედების ნიშნებს.

სახალხო დამცველი ასევე მოუწოდებს ყველა იმ პირს ვისთვისაც მსგავსი დანაშაულის შესახებ ცნობილია, მიმართონ საგამოძიებო უწყებებს. 

"ბოლო დღეების განმავლობაში, ცალკეული სასულიერო პირები მედიის საშუალებით აჟღერებენ ინფორმაციას, რომ მათთვის ცნობილია სასულიერო პირების მხრიდან განხორციელებული სავარაუდო სექსუალური შევიწროების და სექსუალური ხასიათის ქმედებების იძულების ფაქტების შესახებ. საუბრებში ისინი ასევე მიანიშნებენ, რომ ეს ქმედებები შესაძლოა ჩადენილი იყოს არასრულწლოვანთა მიმართაც," - წერს სახალხო დამცველი. 

განცხადებაში ასევე აღნშნულია, რომ სახალხო დამცველის აპარატმა შესაბამისი რეაგირების თხოვნით წერილობით უკვე მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალურ პროკურატურასა და ჯანდაცვის მინისტრს.

"მსურს საჯაროდ მოვუწოდო როგორც განცხადების ავტორებს, ასევე, ყველა ინფორმაციის მფლობელს, დაუკავშირდნენ სახალხო დამცველის აპარატს, რათა მაქსიმალურად სრულყოფილ ინფორმაციას მოვუყაროთ თავი და შევძლოთ მისი გადამოწმება. შესწავლის პროცესში, მოთხოვნის შემთხვევაში, განმცხადებლის კონფიდენციალურობა უზრუნველყოფილი იქნება," - წერს ომბუდსმენი.

საპატრიარქოს გარშემო მოვლენები მას შემდეგ დაიძაბა, რაც 31 ოქტომბრის სინოდის სხდომის შემდეგ, მიტროპოლიტი პეტრე ცაავა გამოვიდა და თქვა, რომ ის მღვდელმთავრობიდან განაყენეს, ამის მიზეზი კი ეკლესიაში "პიდარასტული ცოდვის მხილება" გახდა. მან ასევე აღნიშნა, "ვამხილე სინოდის თავმჯდომარე, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი. ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლური ცოდვით შეპყრობილი თავმჯდომარე სინოდის თავმჯდომარე."

იმავე დღეს,  მეუფე პეტრემ თქვა, რომ სიტყვა "პედარასტიაში", რომლითაც პატრიარქი მოიხსენია, "ჭაბუკების გამხრწნელი" იგულისხმა. მისი თქმით, ეს საეკლესიო ტერმინია. 

ტაბულამ ასევე მოიპოვა წერილი, რომელიც ინფორმირებული წყაროების ინფორმაციით, 1988 წელს დაწერა სემინარიის სტუდენტმა, რომელიც სემინარიის მაშინდელ რექტორს (ეპისკოპოსს) და წილკნისა და დუშეთის ამჟამინდელ მიტროპოლიტს, ზოსიმეს სექსუალურ შევიწროებაში სდებდა ბრალს. წერილი გაეგზავნა მაშინდელ მარგველ ეპისკოპოს ქრისტეფორე წამალაიძეს. წერილში სტუდენტი დეტალურად ჰყვება მიტროპოლიტის მხრიდან მასზე განხორციელებულ ზეწოლას.

აღსანიშნავია, რომ ორი წლის წინ ბორჯომისა და ბაკურიანის მიტროპოლიტმა სერაფიმე ჯოჯუამ ეპარქია არასრულწლოვანზე სექსუალური ძალადობის ბრალდების გამო დატოვა. 

კომენტარები