მეუფე იაკობი: ფარცხალაძე და მამაცაშვილი ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს 15 მლნ-ს სთხოვდნენ

მეუფე იაკობი
ipn.ge

პატრიარქის ყოფილი ქორეპისკოპოსის, მეუფე იაკობის თქმით, ყოფილი მთავარი პროკურორი ოთარ ფარცხალაძე და ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი ინფრასტრუქტურის ყოფილ მინისტრს რამაზ ნიკოლაიშვილს ხელშეუხებლობის სანაცვლოდ 15 მილიონს სთხოვდნენ. ამის შესახებ მეუფე იაკობი მთავარ არხს ესაუბრა. ცნობისთვის, ნიკოლაიშვილი მინისტრი 2010-2012 წლებში იყო.

“იკითხა, სად მაქვსო? ეტყობა, მინისტრი რომ იყო [იმიტომ მოსთხოვეს]… თუ გადაუხდიდა, მერე კიდევ მოსთხოვდნენ. კაბინეტში სთხოვდნენ 15 მილიონს… მე ჩემს სიტყვას გეტყვით - თავს მოგაჭრი მეთქი, ვუთხარი [ფარცხალაძეს]” - ამბობს სასულიერო პირი. 

ყოფილ მინისტრი რამაზ ნიკოლაიშვილი მთავარ არხთან საუბარში ვერ იხსენებს მეუფე იაკობის ნაამბობის შინაარსს.

“არ ვიცი, რაზე მესაუბრებით და რა ვქნა, მეუფეს უნდა გავესაუბრო, გავარკვევ, რაზე საუბრობს” - თქვა ექსმინისტრმა.

................

26 ოქტომბერს, მეუფე იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 28 ოქტომბერს, პატრიარქის ბრძანებითა და მეუფე იაკობის პირადი განცხადების საფუძველზე, სასულიერო პირი ქორეპისკოპოსის პოსტიდან გათავისუფლდა.

კომენტარები