მეუფე იოანე მეუფე იაკობის განცხადებებზე: თქვენი საქმე არაა, უნდა შეიკრიბოს თუ არა სინოდი

რუსთავის ეპარქია

"ეს თქვენი საქმე არ არის" - ასე პასუხობს რუსთაველი მიტროპოლიტი, მეუფე იოანე კითხვას, უნდა შეიკრიბოს თუ არა წმიდა სინოდი მეუფე იაკობის განცხადებებზე. ცნობისთვის, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

"თქვენი საქმე არ არის [უნდა შეიკრიბოს თუ არა წმიდა სინოდი], ჩემი აზრი მე ჩემთვის მაქვს, შენთვის არ მაქვს... არ გპასუხობ, ხომ ხედავ, ჯიუტად რატომ მიმეორებ შენ, პატარა ბავშვი ხარ, ჩემი შვილიშვილის ტოლა ხარ და მელაპარაკები ასე კადნიერად და თავხედურად, გეუბნები, რომ ყველა ადამიანი თავის თავზე აგებს პასუხს. შენ ძალადობ, ეს არის ფსიქოლოგიური ძალადობა, იმიტომ, რომ შენ ამისთვის ფულს გიხდიან, არაფერი არ გამოგივა, იცოდე. ხოდა, [პროფესიული მოვალეობა] შეასრულე სხვაგან, მე პასუხი გაგეცი, არ მოგწონს ჩემი პასუხი? მე გაგეცი პასუხი - ყველა ადამიანი თავის თავზე აგებს პასუხს" - უთხრა მეუფე იოანემ TV პირველის ჟურნალისტს.

კითხვაზე, შესაძლებელია თუ არა, რომ ამ განცხადებების შემდეგ, მეუფე იაკობის სტატუსის შეჩერება დადგეს დღის წესრიგში, მეუფე იოანე პასუხობს - "ეს თქვენი განსაკითხავი არ არის, თქვენი საკითხავი არ არის ეს".

........

26 ოქტომბერს, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა თქვა, რომ ჭყონდიდელი მიტროპოლიტი პეტრე ცაავა, ე.წ ციანიდის საქმეში ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე, სახელისუფლებო პირები და "ზოგიერთი ბიზნესმენი", მათ შორის ვანო ჩხარტიშვილი პატრიარქ ილია II-ის მკვლელობას გეგმავდნენ.  

იმავე ეთერში მეუფე იაკობმა ისიც თქვა, რომ ექსპრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, თანამდებობაზე ყოფნის დროს, მას შეხვედრაზე დაუძახა, რომელსაც ეპისკოპოსის ინფორმაციით, ასევე ესწრებოდნენ მოქმედი პრემიერმინისტრი და მაშინდელი ეკონომიკის მინისტრი გიორგი გახარია და მოქმედი შინაგან საქმეთა მინისტრი და მაშინდელი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახო გომელაური. მეუფე იაკობი ყვება, რომ სახელმწიფო პირები მას "ეჩალიჩებოდნენ", რომ პატრიარქი ილია II გადაეყენებინათ და მის ნაცვლად პატრიარქის მოსაყდრე შიო დაეყენებინათ ახალ პატრიარქად. ეპისკოპოსის თქმით, ე.წ ციანიდის საქმე ამ შეხვედრამდე იყო დაგეგმილი და ამაში სახელმწიფო იყო ჩარეული.

აღნიშნულს გამოეხმაურა მეუფე პეტრე და მეუფე იაკობისა და "მსგავსი ადამიანების ეკლესიაში არსებობაზე და მათ თავნებობაზე" პასუხისმგებლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, ილია II-ს დააკისრა. 

საპატრიარქოში მეუფე იაკობის განცხადებებზე კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

კომენტარები