მედია

"პუბლიკა" - ლიბერალიდან წამოსულმა ჟურნალისტებმა ახალი მედია დააფუძნეს

www.facebook.com/publika.ge/

​ლიბერალიდან წამოსულმა ჟურნალისტებმა ახალი საზოგადოებრივ-პოლიტიკური ონლაინ გამოცემა, "პუბლიკა" დააფუძნეს.

Publika.ge-ს დირექტორი ზურა ვარდიაშვილი იქნება, მთავარი რედაქტორი კი ლიკა ზაკაშვილი. რაც შეეხება ვებ-გვერდს, აქ რედაქტორი თათია ხალიანი იქნება, ხოლო ახალი ამბების მიმართულებას ნათია ამირანაშვილი უხელმძღვანელებს.

ახალი გამოცემის ვებ-გვერდი სატესტო რეჟიმში მომავალ კვირაში ჩაეშვება. "პუბლიკის" ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციის მიხედვით, ჟურნალისტები ახალ საიტზე 3 თვის განმავლობაში მუშაობდნენ.

"რას უნდა ელოდოთ ჩვენგან? ახალ ამბებს, სტატიებს, ფოტო, ვიდეო, აუდიომასალებს, ბლოგებს, თვალსაზრისებს, სიღრმისეულ რეპორტაჟებს - ყველა სახის მედიაკონტენტს, რომელიც სჭირდება ინფორმირებულ მოქალაქეს", - წერენ ახალი ონლაინ გამოცემის დამფუძნებლები.

"პუბლიკას" სულ 8 დამფუძნებელი ჰყავს და ზურა ვარდიაშვილის, ლიკა ზაკაშვილის, თათია ხალიანისა და ნათია ამირანაშვილის გარდა, მათ შორის არიან: ქრისტინე მუჯირი, სალომე გორგოძე, ალექსანდრე ქეშელაშვილი და ბასტი მგალობლიშვილი.

ლიბერალი ჟურნალისტებმა 2019 წლის 23 ივნისს დატოვეს. გავრცელებულ განცხადებაში ისინი წერდნენ მფლობელსა და მათ ხედვებს შორის არსებული განსხვავების შესახებ და მიუთითებდნენ, რომ არ სურდათ ლიბერალის მდგრადი განვითარება კითხვის ქვეშ დამდგარიყო. ჟურნალისტების თქმით, სწორედ იმიტომ, რომ კარგად აცნობიერებენ დამოუკიდებელი მედიის მნიშვნელობასა და როლს, შორენა შავერდაშვილს გუნდის სახელით შესთავაზეს ლიბერალი გადაეცა ან მიეყიდა მათთვის, რაზეც უარი მიიღეს.

ლიბერალის გუნდის ამ განცხადებას ფეისბუქზე გამოეხმაურა შორენა შავერდაშვილი და დაწერა, რომ აგრძელებს ახალი გუნდის ფორმირებას და მის მფლობელობაში არსებული მედია გამოცემები "ყოველთვის იყო დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ სხვადასხვა ტიპის კონიუნქტურული გავლენებისგან".

კომენტარები