საქართველოს ხელისუფლება აგრძელებს იმ მედიების დაფინანსებას, რომლებიც სიძულვილის ენას იყენებენ, ანტიდასავლურ განწყობებს აღვივებენ და კრემლის პროპაგანდას ტირაჟირებენ.
მედიის განვითარების ფონდის კვლევის მიხედვით, 2018 წელს 7 მედია გამოიკვეთა, რომლებსაც სახელმწიფო დაწესებულებები რეკლამის და ინფორმაციის გავრცელების მიზნით კონტრაქტებს უფორმებენ. ეს მედიებია: საქართველოს რესპუბლიკა, Newspress.ge (nsp), თბილისი 24, ალია, მარშალპრესი, ობიექტივი, სამეფო არხი. მათგან ყველაზე მრავალრიცხოვანი და მაღალი ღირებულების კონტრაქტები გაზეთ საქართველოს რესპუბლიკასთან და ონლაინ გამოცემა Newspress.ge, nsp-სთან გაფორმდა.
გაზეთი საქართველოს რესპუბლიკა - ბიუჯეტიდან გადაუხადეს ჯამში 129.710 ლარი. დამკვეთები არიან:
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო;
- რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი;
- მუნიციპალური განვითარების ფონდი;
- სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემია;
- აჭარის ა.რ. ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
- სს "საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემა";
- ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
- საქპატენტი
- სსიპ წიაღის ეროვნული სააგენტო
- სხვა საქვეუწყებო ან ადგილობრივი ხელისუფლების სამსახურები
Newspress.ge, nsp - ჯამში ბიუჯეტიდან დაიხარჯა 36 173 ლარი. დამკვეთები არიან:
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
- ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტრო;
- ცენტრალური საარჩევნო კომისია;
- სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორია;
- ფინანსთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო;
- აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრო;
- თავდაცვის ინსტიტუციური აღმშენებლობის სკოლა;
- ქ. თბილისის დიდუბის რაიონის გამგეობა;
- ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის მერია და სხვა საქვეუწყებო ან ადგილობრივი ხელისუფლების სამსახურები.
თბილისი 24 და გაზეთი ალია:
მედიის განვითარების ფონდის ინფორმაციით, სარეკლამო სააგენტო "კლიპარტთან" გაფორმებული ხელშეკრულების თანახმად, შვიდ მედია საშუალებაში ინფორმაციის განთავსების ღირებულება 50 000- ს ლარს შეადგენდა. აღნიშნული თანხის ნაწილი ონლაინ გამოცემა თბილისი 24-ზე და გაზეთ "ალიაზეც" გადანაწილდა, თუმცა, სამინისტროდან ორგანიზაციისთვის მიწოდებული ინფორმაცია თითოეულ მედიაზე განაწილებული ზუსტი თანხის იდენტიფიცირების შესაძლებლობას არ იძლევა. თუმცა, ცნობილია, რომ დამკვეთებს შორის არის სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო.
სააგენტო მარშალპრესი - ბიუჯეტიდან გადაუხადეს ჯამში 8 114 ლარი. დამკვეთები არიან:
- სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტრო;
- სამართლებრივი დახმარებისა და საზოგადოებრივი ჩართულობის მუნიციპალური ცენტრი;
- ქედის მუნიციპალიტეტი;
ობიექტივი - ბიუჯეტიდან მიიღო 3746 ლარი. დამკვეთი:
- ცენტრალური საარჩევნო კომისია
"სამეფო არხი" (ყოფილი ხარისხის არხი) - ბიუჯეტიდან დაიხარჯა 3100 ლარი. დამკვეთი:
- ცენტრალური საარჩევნო კომისია
აღსანიშნავია, რომ ეს მედიები ინფორმაციისა და რეკლამის განთავსების მიზნით საბიუჯეტო ხელშეკრულებებს გასულ წლებშიც იღებდნენ.

ფოტო: მედიის განვითარების ფონდი
მიუხედავად ამისა, კვლევის მიხედვით, გარკვეულ მედიებთან მსგავსი კონტრაქტები შუამავლების მეშვეობით, არაპირდაპირ, ირიბად ფორმდებოდა. ესენია: "საქართველო რესპუბლიკა", ვლადიმერ ბედუკაძის გამოცემა "თბილისი 24" და ჰომოფობიური, პრორუსული "ალია".
მედიის განვითარების ფონდი ფინანსურ მედია გარემოს - მედიის დაფინანსების წყაროებს, მათ შორის ინფორმაციისა და რეკლამის გავრცელების მიზნით მედიაში საბიუჯეტო სახსრების განაწილების შესახებ ანგარიშს ყოველწლიურად გამოსცემს.
ანგარიში 2018 წელს მოიცავს და ეყრდნობა შემდეგი დოკუმენტების ანალიზს: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსა და კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის ელექტრონულ მონაცემთა ბაზაში ხელმისაწვდომი დოკუმენტაციის გარდა, დამატებით საჯარო დაწესებულებებიდან გამოთხოვნილ მონაცემებს და ღია წყაროებით გავრცელებულ სხვა ცნობებს.





