Bolt: 1-2 ოქტომბერს მგზავრობის ფასმა მხოლოდ 5%-ით მოიმატა, 2-3 დღეში ისევ დაიკლო

ტაქსების რეგულაციების შემოღების შემდგომ მომატებულ ფასებთან დაკავშირებით კომპანია Bolt განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ მას შემდეგ, რაც რეგულაციები ძალაში შევიდა, მზავრობის ფასმა მხოლოდ 5%-ით მოიმატა, რამდენიმე დღეში კი წინა კვირის ნიშნულს დაუბრუნდა.

განცხადებაში ნათქვამია, რომ "ასეთი მცირე მასშტაბის ფასების გადახრები ხშირია სხვა ქალაქებშიც."

"მგზავრობის საშუალო ფასმა 1-2 ოქტომბერს, წინა კვირის ანალოგიურ პერიოდთან
შედარებით, მხოლოდ 5%-ით მოიმატა, თუმცა მომატებული ფასის პირობებში უფრო
მეტი მძღოლი ჩაერთო აპლიკაციაში და საშუალო ფასი 3-4 ოქტომბერს ისევ წინა
კვირის ნიშნულს დაუბრუნდა."
- წერია განცხადებაში.

კომპანიაში ასევე ამბობენ იმასაც, რომ მოიმატა ქალაქში ავტომობილების გადაადგილების სისწრაფემ და შემცირდა მძღოლების უმგზავრო გადაადგილება.

"ქალაქში ავტომობილით გადაადგილების სისწრაფემ მოიმატა. წინა კვირის იგივე
დღესთან შედარებით მთელი დღის განმავლობაში ჩვენი პარტნიორი მძღოლების მიერ
1 წუთში დაფარული მანძილი 3-5%-მდე გაიზარდა. რაც იმას ნიშნავს რომ გზებზე
გამტარიანობა გაიზარდა.

საგრძნობლად შემცირდა პარტნიორი მძღოლების უმგზავროდ გადაადგილება. მას
შემდეგ, რაც B კატეგორიის ტაქსებს ქუჩაში მგზავრის აყვანა აეკრძალათ, ჩვენი
მძღოლების უმეტესობა მგზავრობის დასრულებისთანავე ახდენს პარკირებას შემდგომ
გამოძახებამდე."

Bolt-ის განცხადებით, პიკის საათებში, როცა მოთხოვნა გაზრდილია, "ერთეულ მგზავრებს შეიძლება გაეზარდოთ ტარიფები, რაც ახალი არ არის."

"ისიც გვესმის, რომ პიკის საათებში, როდესაც მოთხოვნა უკიდურესად გაზრდილია, ერთეულ მგზავრებს შეიძლება მგზავრობის ფასი საგრძნობლად გაეზარდოთ. თუმცა, ეს ახალი მოვლენა არ არის და დინამიური საფასო სისტემა ბოლოს ამოქმედებულ რეგულაციამდეც მოქმედებდა და არ უკავშირდება ამ უკანასკნელს."

2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ. გარდა ამისა, 2019 წლის 1 ოქტომბრიდან მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევა აიკრძალა, დარეგულირდება მანქანის ფერიც - A კატეგორიის ლიცენზიის მქონე მძღოლები ვალდებულები არიან, ტაქსები თეთრად გადაღებონ. ეს მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

თუ რა შედეგები მოიტანა ტაქსების რეგულაციებმა, შეგიძლიათ ნახოთ აქ.

კომენტარები