ილია ჯიშკარიანი

ჯიშკარიანისთვის დეპუტატის მანდატის შეჩერების მოთხოვნით საკრებულოსთან აქცია იმართება

Facebook/ ილია ჯიშკარიანი ისნის რაიონის მაჟორიტარი Ilia Jishkariani

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატის ილია ჯიშკარიანისთვის, რომელსაც თანამშრომელი ქალი სექსუალური ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში ადანაშაულებს, მანდატის შეჩერების მოთხოვნით მოქალაქეები საკრებულოსთან აქციას მართავენ. 

"გამომდინარე იქიდან, რომ ილია ჯიშკარიანის შვილი სუს-ის თანამშრომელია და ძალიან მაღალი თანამდებობაც უკავია, არ მომხდარა სწრაფი რეაგირება და ამ დრომდე მას არ აქვს შეჩერებული უფლებამოსილება. ჩვენ მოვითხოვთ მისი უფლებამოსილების შეჩერებას მანამ, სანამ გამოძიება არ იქნება დასრულებული,"- ამბობს აქციის ორგანიზატორი ქეთი პავლიაშვილი. 

თბილისის საკრებულოში ქართული ოცნების დეპუტატი ილია ჯიშკარიანი თანამშრომელმა ქალმა თამთა თოდაძემ სექსუალურ ძალადობის მცდელობასა და ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ თოდაძემ მთავარ არხთან ისაუბრა. 

ჯიშკარიანის თანაშემწე ყვება, რომ ისნის მაჟორიტარი დეპუტატი ოფისში ნასვამ მდგომარეობაში მივიდა და მასთან სექსუალური კავშირის დამყარება სცადა. როგორც ქალი ყვება, უარის მიღების შემდეგ, ჯიშკარიანმა მასზე ფიზიკურად იძალადა და მობილური ტელეფონი დაუფშვნა. 

ტაბულა დაუკავშირდა შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც გვითხრეს, რომ საქმეზე გამოძიება სამი მუხლით მიმდინარეობს: მუხლი 126 - ძალადობა; მუხლი 138 - სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედება; მუხლი 187 - ნივთის დაზიანება ან განადგურება.

თავად ჯიშკარიანი ამ დრომდე კომენტარს არ აკეთებს და ტვ პირველთან საუბრისას თქვა, რომ შეუძლოდაა. 

კომენტარები