გიორგი ქობულია

ქობულია: ეკონომიკის განვითარებისთვის გვჭირდება უფრო დაბალანსებული ურთიერთობა რუსეთთან

world economic forum

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების ყოფილი მინისტრი შესაძლოა, პოლიტიკაში დაბრუნდეს. ამის შესახებ მან მთავარ არხთან ისაუბრა.

გიორგი ქობულიას თქმით, უფრო კონკრეტულად საუბარს ნოემბერში შეძლებს.

"ნოემბერში მეცოდინება უფრო მეტი და ნოემბერში მინდა, რომ უკვე გავარკვიო ჩემი გეგმები ბოლომდე. ჩემი პრინციპი არის ის, რომ ჩვენ მივდივართ დასავლური ბლოკისკენ, როგორც ჩვენ მივდიოდით დღემდე და ეს არის ჩვენი ორიენტაცია. ამავე დროს, ჩვენი ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის გვჭირდება უფრო დაბალანსებული ურთიერთობა რუსეთის ფედერაციასთან", - თქვა ყოფილმა მინისტრმა "მთავართან".

რაც შეეხება მის მომავალ თანაგუნდელებს, გიორგი ქობულია ამბობს, რომ ამ დროისთვის კონსულტაციები მიმდინარეობს და კონკრეტული პირების დასახელებისგან თავს იკავებს. თუმცა, მან არ გამორიცხა თანამშრომლობა ქართული ოცნების ყოფილ წევრ ეკა ბესელიასთან და დასძინა, რომ ესაუბრება მათ შორის, მოქმედ დეპუტატებს. ჟურნალისტმა მას ჰკითხა მამუკა ხაზარაძის შესახებაც, თუმცა ის ამბობს, რომ ვერ გააკეთებს კომენტარს.

პოლიტიკაში დაბრუნების შესახებ ქობულიამ ისაუბრა პალიტრანიუსის ეთერშიც, გუშინ, 2 ოქტომბერს.

გიორგი ქობულია ეკონომიკის მინისტრის თანამდებობიდან მიმდინარე წლის 18 აპრილს მაშინდელმა პრემიერმინისტრმა, მამუკა ბახტაძემ გაათავისუფლა. სანამ მთავრობის ადმინისტრაციის ვებ-გვერდზე შესაბამისი განცხადება გამოქვეყნდებოდა, ეს ინფორმაცია ტელეკომპანია იმედმა გაავრცელა. რუსთავი 2 კი ამბობდა, რომ ბახტაძე ქობულიას გადადგომის შესახებ განცხადების დაწერას რამდენიმე კვირის განმავლობაში აიძულებდა. მოგვიანებით, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა დაადასტურა, რომ გადააყენეს და თავისი ნებით არ გადამდგარა.

ქობულია ნათია თურნავამ შეცვალა, რამდენიმე თვეში თანამდებობა დატოვა პრემიერმინისტრმა მამუკა ბახტაძემაც.

ასევე წაიკითხეთ: განცხადებები, რომლითაც გიორგი ქობულიამ თავი დაგვამახსოვრა

კომენტარები