ტაქსების რეგულირება

მდინარაძის თქმით, 1-ლ ოქტომბერს ფერადი ტაქსის მართვისთვის 700-ზე მეტი მძღოლი დააჯარიმეს

მამუკა მდინარაძის თქმით, 1-ლ ოქტომბერს სხვადასხვა ფერის ტაქსის მართვისთვის 700-ზე მეტი მძღოლი დააჯარიმეს. 

ინტერპრესნიუსის ინფორმაციით, მდინარაძემ ეს ჟურნალისტებს აცნობა იმ გადაწყვეტილებასთან ერთად, რომელიც მმართველმა გუნდმა საპატრულო პოლიციასთან კომუნიკაციის შემდეგ მიიღო და რომლის თანახმადაც, 1-ლ ოქტომბერს დაჯარიმებული მძღოლები ჯარიმისგან გათავისუფლდებიან. 

ქართული ოცნების დეპუტატი და ფრაქციის თავმჯდომარე ამბობს, რომ მათ ეს გადაწყვეტილება მიიღეს, ვინაიდან "გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და მძღოლები შეცდომაში შეიყვანეს". 

"ქალაქის მერიის ინიციატივით ძალიან კარგი რეფორმა განხორციელდა, რომელსაც ტაქსების რეფორმა დავარქვით. ის მორგებულია მომხმარებლების ინტერესებზე. ასევე, მაქსიმალურად შევეცადეთ, რომ ყოფილიყო მორგებული თავად ტაქსის მძღოლების ინტერესებზე. რეფორმა 1-ლი ოქტომბრიდან ამოქმედდა. იმის გამო, რომ გარკვეულმა ჯგუფებმა არასწორი მოლოდინების გაჩენა შეძლეს და შეცდომაში შეიყვანეს მძღოლები 1-ელ ოქტომბერთან დაკავშირებით, მძღოლების ნაწილს ეგონათ, რომ 1-ელ ოქტომბერს ისინი არ დაჯარიმდებოდნენ და ე.წ საშეღავათო პერიოდი 1-ელ ოქტომბრამდე იყო. ისინი გამოვიდნენ ქალაქში და პატრულისგან 200 ლარით დაჯარიმდნენ. გადავწყვიტეთ, რომ ამ გაურკვევლობის აღმოსაფხვრელად, ფინანსური წნეხის, ჯარიმის მოსახსნელად, ქალაქის მერთან, პარლამენტის თავმჯდომარესთან, უმრავლესობასთან ერთობლივი შეთანხმებით, ერთჯერადი საკანონმდებლო აქტი ინიცირება მოვახდინეთ, რომლის მიხედვითაც, ტაქსის იმ მძღოლებს მოეხსნებათ ჯარიმები, რომლებიც 1-ელ ოქტომბერს დაჯარიმდნენ",- თქვა მდინარაძემ.

1-ლი ოქტომბრიდან თბილისში თეთრის გარდა სხვა ფერის ტაქსის მოძრაობა აიკრძალა. გარდა ამისა, აიკრძალა მარჯვენასაჭიანი და სამკარიანი ავტომობილებით ტაქსის მომსახურების გაწევაც.  

ერთი წლის წინ, 2018 წლის 1 ოქტომბრიდან ძალაში შევიდა კანონი ტაქსების ლიცენზირების შესახებ. ერთწლიანი ლიცენზიის ღირებულება ჩვეულებრივი ავტომობილებისთვის 100, ჰიბრიდებისთვის კი - 50 ლარია. ელექტროავტომობილის შემთხვევაში ლიცენზია უფასოა. ულიცენზიოდ გადაადგილების შემთხვევაში, მძღოლს 200 ლარით დააჯარიმებენ.

კალაძემ მაშინ თქვა, რომ მანქანების თეთრად გადაღებვა ან თეთრი ფერის გადაკვრა მათთვის უფასოა და რეკლამის განთავსების სანაცვლოდ კეთდება. "თეთრ ტაქსებს" საჩუქრად გადაეცემათ მანათობელი წარწერით "TAXI თბილისი" - წითელი ფერის განათება იქნება იმ შემთხვევაში, როცა ტაქსი დაკავებულია, ხოლო თეთრი - როცა მანქანა თავისუფალია.

კომენტარები