პერუ

პერუს პრეზიდენტმა პარლამენტი დაითხოვა, პარლამენტმა კი მას უფლებამოსილება შეუჩერა

პერუს პრეზიდენტმა კონგრესი დაითხოვა, თუმცა, პარალელურად, პარლამენტარებმა მას უფლებამოსილება შეუჩერებს და მის ნაცვლად ვიცე-პრეზიდენტი მერსედეს არაოზი დანიშნეს.

არაოზმა განაცხადა, რომ ქვეყანაში კონსტიტუციური წესრიგი დაირღვა. მან ოპოზიციის ნომინაციაზე უარი თქვა და თანამდებობიდან გადადგა. არაოზი იმედოვნებს, რომ ამგვარად ქვეყანაში ვადამდელი საყოველთაო არჩევნები ჩატარდება. მისი თქმით საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს კანონიერი იყო თუ არა კონგრესის დაშლა.

პარლამენტის დათხოვის შემდეგ პოლიცია კანონმდებლებს კონგრესში აღარ უშვებდა. 20-მდე პარლამენტარი შენობაში რჩებოდა და პროტესტის ნიშნად დატოვებაზე უარს ამბობდა. პარალელურად პარლამენტის მიმდებარე ქუჩებში საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა.

პრეზიდენტმა მარტინ ვიზკარამ კონგრესის დაშლის მიზეზად მათ მიერ ანტი-კორუფციული კანონების დაბლოკვა დაასახელა. მისი თქმით ოპოზიციური პარტია, რომელსაც კეიკო ფუჯიმორი მეთაურობს, ცდილობს წინ აღუდგეს მის რეფორმებს. ფუჯიმორი, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის, ალბერტო ფუჯიმორის შვილია, ამჟამად ციხეში ზის. მას ბრალად ქრთამის აღება ედება.

ამის შემდეგ კონგრესმა, რომელსაც ოპოზიცია აკონტროლებს ხმა მისცა ვიზკარასთვის უფელებამოსილების ერთი წლით შეჩერებას და მოქმედ პრეზიდენტად არაოზის დანიშვნას, თუმცა ვიზკარა ამტკიცებს, რომ ამ დროისათვის კონგრესი უკვე დათხოვილი იყო და შესაბამისად გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს.

მიუხედავად ამისა კონგრესი მიმდინარე კვირის ბოლოს შეკრებას კვლავ აპირებს. მათ ამჯერად ვიზკარას გადაყენება სურთ.

პრეზიდენტმა საპარლამენტო არჩევნები 26 იანვარს დანიშნა.

კომენტარები