არჩევნები 2020

ბობოხიძე ვაშაძეზე: ეს არ არის სერიოზული პარტიის სერიოზული თავმჯდომარის პასუხი

"პასუხი მოვისმინე, თუმცა, ფორმა იყო ძალიან არასერიოზული" - ასე შეაფასა ევროპული საქართველოს წევრმა აკაკი ბობოხიძემ ენმ-ის ლიდერის გრიგოლ ვაშაძის განცხადება არჩევნების შემდეგ კოალიციის შექმნაზე. ცნობისთვის, ვაშაძემ თქვა, რომ "თუ სასწაული მოხდა" და "პარალელურ სამყაროში", 2020 წლის არჩევნების შედეგად ევროპულ საქართველოს ენმ-ზე მეტი მანდატი ექნება, მათთან კოალიციაში შევლენ.

"როდესაც გეკითხებიან, თუ მოხდება ისე, რომ სხვა პროდასავლური პარტიების კოალიცია უფრო მეტი იქნება პარლამენტში, ვიდრე გაერთიანებული ოპოზიციით გასული პარლამენტის წევრები, ასეთ შემთხვევაში მხარს დაუჭერთ თუ არა მათ მთავრობას, პასუხი უნდა იყოს ან "კი", ან "არა". ლაპარაკი იმაზე, რომ ეს ვირტუალური რეალობა, ეს არ მოხდება, [არასერიოზულია]" - თქვა ბობოხიძემ მთავარ არხზე.

მისი თქმით, ევროპული საქართველო ნაციონალური მოძრაობისგან მკაფიო და საჯარო პასუხს საპრეზიდენტო და შუალედური არჩევნების გამოცდილების გამო ითხოვს.

"სწორედ ნაციონალური მოძრაობა ავრცელებდა ბინძურ ჭორებს, რომ თურმე ბიძინა ივანიშვილს სალომე ზურაბიშვილი კი არ უნდა, სინამდვილეში უნდა, მეორე ტურში გააპაროს დათო ბაქრაძე. სწორედ ამიტომ ვითხოვდით ჩვენ მაშინაც, მკაფიოდ ეთქვა ნაციონალურ მოძრაობას, თუ მეორე ტურში გავდიოდა დათო ბაქრაძე, დაუჭერდა თუ არა მხარს. ჩვენ მკაფიოდ ვაცხადებდით, თუ მეორე ტურში გავიდოდა გრიგოლ ვაშაძე, ჩვენ მას მხარს დავუჭერდით და ჩვენ ეს პირობა შევასრულეთ, ჩვენ მაშინ პასუხი ნაციონალური მოძრაობისგან ვერ მივიღეთ, ახლა მივიღეთ პასუხი, მაგრამ ეს არ არის სერიოზული პარტიის სერიოზული თავმჯდომარის პასუხი" - ამბობს ბობოხიძე.

მეორე პრობლემა, რაზეც ევროპული საქართველოს წევრი საუბრობს, შუალედური არჩევნებია.

"ჩვენ გვქონდა შეთანხმება, რომ ჩვენ მხარს დავუჭერდით ზუგდიდში, ზესტაფონში და ისინი დაგვიჭერდნენ მხარს მარნეულში, მთაწმინდაზე და ჭიათურაში. სამწუხაროდ, საბოლოო ჯამში, ნაციონალურმა მოძრაობამ აქაც გატეხა სიტყვა, ამიტომ მე ვამბობ, ძალიან მარტივ რამეს - ყველა შეთანხმება ნაციონალურ მოძრაობასთან უნდა მოხდეს საჯაროდ, სახალხოდ და ყველამ უნდა გაიგონოს, რომ მერე შეფასდეს, ვინ დაარღვია პირობა" - თქვა ბობოხიძემ.

"ღამის მთავარში" ენმ-ის ერთერთმა ლიდერმა გრიგოლ ვაშაძემ 2020 წლის არჩევნების შედეგად ევროპული საქართველოს კოალიციის სათავეში ყოფნა გამორიცხა, თუმცა, "სასწაულის შემთხვევაში" მათთან კოალიციის შექმნის პირობა დადო. გადაცემის წამყვანმა ეკა კვესიტაძემ გრიგოლ ვაშაძეს ჰკითხა, თუ პარლამენტში ევროპული საქართველო ენმ-ზე მეტ დეპუტატს გაიყვანს, აპირებს თუ არა ნაციონალური მოძრაობა ამ პარტიასთან კოალიცია შექმნას.

“ჩვენ მოვალთ უზარმაზარი რაოდენობის მანდატით, არ არსებობს ეგეთი ჰიპოთეზა [რომ ევროპულ საქართველოს მეტი მანდატი ჰქონდეს], ამას თქვენ ნახავთ... ვამბობ, კი, პროდასავლური პარტიებისგან შექმნილი კოალიცია საქართველოში იქნება გარდაუვალი. ჩვენ გავიმარჯვებთ, კოალიციის სათავეში ევროპული საქართველო არ იქნება არასოდეს. თუ ჩვენ აღმოვჩნდით პარალელურ რეალობაში, და იქაც არის ეს პარტიები, ევროპული საქართველო და ნაციონალური მოძრაობა და თუ იქ მოხდა სასწაული და ევროპულმა საქართველომ აიღო ჩვენზე უფრო მეტი მანდატი, მეცინება, მაგრამ პირობას გაძლევთ, რომ მაშინ ჩვენ აუცილებლად შევქმნით ორივე სამყაროში პროდასავლურ კოალიციას”, - თქვა ვაშაძემ მთავარი არხის ეთერში.

კომენტარები