მზია ამაღლობელი

NGO-ები: უნდა დადგინდეს, ამაღლობელის ნათესავების დაკავება უკავშირდება თუ არა მის საქმიანობას

კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის" მიიჩნევს, რომ აუცილებელია, დადგინდეს, ხომ არ უკავშირდება გაზეთ "ბათუმელების" მფლობელის ოჯახის 5 წევრის დაკავება მის მედიასაქმიანობას

არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია აცხადებს, რომ იმ შემთხვევაში, თუ სამართალდამცველების ქმედება რამე სახით კავშირში იქნება გაზეთ ბათუმელების საქმიანობასთან, აუცილებელია, საქმეს მიეცეს შესაბამისი კვალიფიკაცია. 

"მიგვაჩნია, რომ საქმის დროული გამოძიება მნიშვნელოვანია, რათა ჟურნალისტებს ჰქონდეთ რწმენა, რომ მათ შეუძლიათ პროფესიული საქმიანობის თავისუფლად განხორციელება. კოალიცია "მედიის ადვოკატირებისთვის“ ყურადღებით აკვირდება აღნიშნულ საქმეზე მიმდინარე პროცესებს და იმედს იტოვებს, რომ გამოძიება წარიმართება ობიექტურად და საქმესთან დაკავშირებით არ დარჩება პასუხგაუცემელი კითხვები", -წერია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ: 

  • საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
  • მედიაკლუბი
  • საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
  • ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი
  • ღია საზოგადოების ფონდი
  • რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი
  • ლიბერალური აკადემია თბილისი
  • საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია
  • სატელევიზიო ქსელი
  • საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია
  • საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

16 სექტემბერს ბათუმში მზია ამაღლობელის ნათესავებსა და შსს-ს კრიმინალური პოლიციის მაღალჩინოსანს როინ კოჩალიძეს შორის ინციდენტი მოხდა. ამაღლობელის ოჯახის ხუთი წევრი კოჩალიძეზე სამსახურეობრივი უფლებამოსილების შესრულების დროს თავდასხმის ბრალდებით დააკავეს.

ბრალდებულები ამბობენ, რომ სამოქალაქო ფორმაში მყოფმა პოლიციელმა მათ აგინა, იარაღი მიაბჯინა და ფიზიკური დაპირისპირებაც სწორედ ამას მოჰყვა.

ბრალდების მხარე ირწმუნება, რომ პოლიციელი როინ კოჩალიძე ხსენებულ პირებთან მივიდა, თავი წარუდგინა და წესრიგისკენ მოუწოდა, თუმცა, ამის მიუხედავად, მას თავს დაესხნენ.

დაწვრილებით საქმის შესახებ წაიკითხეთ აქ.

გამოძიება თავდაპირველად ფიზიკური ძალადობის მუხლით დაიწყო, მოგვიანებით კი კვალიფიკაცია პოლიციელზე ჯგუფური თავდასხმის ბრალდებით დამძიმდა. დანაშაული 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ადვოკატები ამბობენ, რომ პროკურატურას ბრალის დამძიმების საფუძველი არ ჰქონდა.

ამასთან, მომხდარიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავების მოტივით, მზია ამაღლობელის სახლი გაუფრთხილებლად გაჩხრიკეს.

21 სექტემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლომ დაკავებულებს აღკვეთის ღონისძიების სახით 25 000-ლარიანი გირაო შეუფარდა.

კომენტარები