წულუკიანი 20 ივნისზე: არ გამჩენია საფუძველი მეფიქრა, რომ გახარია ვინმეს ხელს დააფარებს

იუსტიციის სამინისტრო

თეა წულუკიანის თქმით, გიორგი გახარიას 20 ივნისის ღამის საქმის გამოძიებაში ჩარევის სურვილი ამ დრომდე არ გამოუხატავს. 

იუსტიციის მინისტრმა თქვა, რომ პირადად მას არ გასჩენია საფუძველი, ეჭვი გასჩენოდა, რომ გახარია "ვინმეს უკანონოდ ხელს დააფარებდა". 

"როდესაც გიორგი გახარია იყო მინისტრი, მე შევსწრებივარ არასაჯარო საუბრებს და ასევე მომისმენია მისი საჯარო გამოსვლები. არავითარი წუხილი მაშინ, რომ ის, როგორც მინისტრი მის რომელიმე თანამშრომელს უკანონოდ ხელს დააფარებდა, ამის ეჭვის საფუძველი მე პირადად არ გამჩენია. პირიქით, ის ყოველთვის იყო მომხრე, რომ ჭეშმარიტება დადგენილიყო როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს და მით უმეტეს ახლა პრემიერმინისტრობის პერიოდში, რა თქმა უნდა, მას გაცილებით მეტი და მრავალმხრივი საფუძველი აქვს, ვიდრე რომელიმე გამოძიებაში ჩარევა შეიძლება იყოს, მით უმეტეს, რომ ამ სურვილის საფუძველი აქამდე არ ყოფილა", - თქვა თეა წულუკიანმა.

გავრილოვის ღამიდან ზუსტად 3 თვის შემდეგ პარლამენტის წინ მასშტაბური საპროტესტო აქცია იგეგმება. მოქალაქეები 20-21 ივნისის აქციის დაშლიდან უწყვეტად ითხოვდნენ გიორგი გახარიას შს მინისტრის თანამდებობიდან გადადგომას, თუმცა, ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილებით, ის პრემიერმინისტრის პოსტზე დაწინაურდა. 

20-21 ივნისის აქციის საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, ჯგუფური ძალადობის მუხლით დაიწყო, რომელიც ჯგუფურ ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს. გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა 19 ადამიანის მიმართ დაიწყო, მათ შორის ენმ-ის დეპუტატის, ნიკა მელიას და ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ. 

შსს-მ მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის ბრალდებით ასევე დააკავა 3 პოლიციელი, უფლებამოსილება შეუწყდა 10-მდე პოლიციელს. 

დღეს, 20 სექტემბერს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსმა, ანზორ ჩუბინიძემ თქვა, რომ ამ საქმის გამოძიების ფარგლებში ის პროკურატურაში გამოკითხეს. მისი თქმით, გამოძიებას აინტერესებდა "რა დონეზე მონაწილეობდნენ" და "როგორ იყვნენ ჩართულები" პროცესში სამსახურის თანამშრომლები. ასევე, ჩუბინიძე ამბობს, რომ მასთანაც ჰქონდათ გარკვეული კითხვები. მან ასევე თქვა, რომ 20 ივნისის ღამის სროლაზე ბრძანება მას არ გაუცია. სხვადასხვა მედიაში გავრცელდა ცნობა, რომ გავრილოვის ღამეს აღნიშნულ ბრძანებას სწორედ ის გასცემდა.

დღესვე გიორგი გახარიამ თქვა, რომ ასევე მზად არის, პროკურატურაში გამოკითხვაზე მივიდეს და ამით გახდეს პირველი პრემიერმინისტრი, რომელიც მივა უწყებაში და ჩვენებას მისცეს. 

კომენტარები