ისრაელი-პალესტინა

ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ხელახლა არჩევის შემდეგ დასავლეთ სანაპიროს ანექსიას გეგმავს

ბენიამინ ნეთანიაჰუ
EPA

ისრაელის პრემიერმინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ თუ მას ხელახლა აირჩევენ დასავლეთ სანაპიროს ნაწილის ანექსიას გეგმავს.

"დღეს ვაცხადებს ჩემს გეგმას, ახალი მთავრობის ჩამოყალიბების შემდეგ, ისრაელის სუვერენიტეტის იორდანეს ხეობაზე და მკვდარი ზღვის ჩრდილოეთით გავრცელების თაობაზე." თქვა მან.

ნეთანიაჰუს გეგმა დასავლეთ სანაპიროს 1/3-ის დაკავებას გულისხმობს. სიტყვით გამოსვლისას მან წარმოადგინა რუკა, რომელზეც ისრაელის ტერიტორია მდინარე იორდანეს ხეობის უდიდეს ნაწილზე ვრცელდება და გარს ერტყმის დასავლეთს სანაპიროს ისე, რომ მას იორდანიასთან საზღვარი აღარ აქვს. ქალაქი იერიქონი და მიმდებარე სოფლები ანკლავის სახითაა წარმოდგენილი.

"ეს რუკა განსაზღვრავს ჩვენს დასავლეთ საზღვარს. ჩვენ ასეთი შესაძლებლობა ექვსდღიანი ომის შემდეგ არ გვქონია და შესაძლოა აღარ გვქონდეს კიდევ 50 წელი."

მან ასევე თქვა, რომ ამის გაკეთებას დონალდ ტრამპთან მაქსიმალური კოორდინაციით გეგმავს.

ნეთანიაჰუს თქმით ტრამპის გეგმა ახლო აღმოსავლეთში მშვიდობის დამყარების თაობაზე მალე გასაჯაროვდება. მან წარსულში კატეგორიულად გამორიცხა, რომ პალესტინა გეგმის ნაწილი იქნება.

ნეთანიაჰუს გამოსვლას არაბული ქვეყნების გამოეხმაურნენ. იორდანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ ეს რეგიონში ძალადობას გამოიწვევს, საუდის არაბეთში ეს სიტუაციის ესკალაციის მცდელობად შეაფასეს და დაგმეს. მათ ასევე მოიწვიეს ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის 57 წევრი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრები საგანგებო შეხვედრაზე, სადაც სწორედ ამ საკითხს განიხილავენ.

დასავლეთ სანაპიროზე შექმნილ დასახლებებში ისრაელის ასობით ათასი მოქალაქე ცხოვრობს. ამ ტერიტორიას ისრაელის ჯარი აკონტროლებს. დასახლებების გარეთ კი დასავლეთ სანაპირო 2.5 მილიონზე მეტი პალესტინელის სახლია.

ნეთანიაჰუმ მსგავსი დაპირება აპრილშიც გააკეთა, თუმცა ამჯერად მისი გეგმა უფრო ვრცელ ტერიტორიას მოიცავს. მაშინაც, დაპირება არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე გაკეთდა. მიუხედავად ამისა მან სამთავრობო კოალიციის შექმნა ვერ შეძლო და ხელახალი არჩევნები დანიშნა, რომელიც მომდევნო კვირას გაიმართება.

ისრაელში იორდანეს ხეობაზე და საერთაშორის საზღვარზე კონტროლის დამყარება პოპულარული იდეაა. ნეთანიაჰუს მთავარმა ოპონენტმა, ბენი განცმა თქვა, რომ ნეთანიაჰუმ იდეა მას მოპარა.

კომენტარები