იტალიის პოპულისტური 5 ვარსკვლავის მოძრაობის 100,000-მდე წევრმა ონლაინ გამოკითხვაში ახალი სამთავრობო კოალიციის მემარცხენე-ცენტრისტულ დემოკრატიულ პარტიასთან ჩამოყალიბებას მხარი დაუჭირეს. ამისათვის მათ ონლაინ პლატფორმა Rousseau გამოიყენეს, რომლითაც პატიის 79,634-მა წევრმა ისარგებლა და მათმა 79.3%-მა ახალ კოალიციას მხარი დაუჭირა.
ონლაინ გამოკითხვის შედეგად მიღებული მხარდაჭერა იმაზე მიუთითებს, რომ იტალიაში ხელახალი არჩვნების ჩატარება წინა სამთავრობო კოალიციის დაშლის შემდეგ საჭირო არ გახდება.
პარტიებმა უკვე მიაღწიეს შეთანხმებას და 26 პუნქტიანი სამოქმედო გეგმაც წარადგინეს. მთავარ პრიორიტეტებს 2020 წლის ბიუჯეტი, იტალიის პარლამენტში სენატორების რაოდენობის შემცირება, მინიმალური შემოსავლისა და გარემოს დაცვასთან დაკავშირებული საკითხები, შინაგან საქმეთა მინისტრის, მატეო სალვინის მიერ მიგრანტებისათვის დახურული პორტების ნაწილობრივ გახსნა და მიგრაციის საკითხზე ევროპის ქვეყნებთან ერთად მუშაობა წარმოადგენს. პარტიებს მომდევნო წლის ბიუჯეტში განათლებაზე, ჯანდაცვაზე და მეცნიერებაზე გამოყოფილი თანხების გაზრდა სურთ და ამასთანავე გეგმავენ სახალხო ბანკის შექმნას, რომელიც ქვეყნის სამხრეთით შედარებით ღარიბ რეგიონებს განვითარებაში დაეხმარება.
პრემიერმინისტრის პოსტზე კვლავ ჯუზეპე კონტე რჩება. დღეს კონტე პრეზიდენტ სერჯო მატარელას მთავრობის პროგრამას წარუდგენს. ჯერ-ჯერობით უცნობია როგორ გადანაწილდება პარტიებს შორის მინისტრების პოსტები.
აღსანიშნავია, რომ Rousseau-ს პლატფორმა კრიტიკის ობიექტი 2016 წელს გახდა, როდესაც მასზე ჰაკერებმა განახორციელეს თავდასხმა და მომხმარებლების პირადი ინფორმაცია მოიპარეს.
შეგახსენებთ, რომ გასული თვის დასაწყისში სალვინიმ თქვა, რომ კოალიციის პარტნიორებს შორის გაჩენილი განსხვავებები ვერ გამოსწორდება. მისი აზრით "5 ვარსკვლავის მოძრაობის" წარუმატებელი მცდელობა ჩაეშალა სწრაფმავალი მატარებლების ხაზის გეგმები აჩვენებს, რომ კოალიციას მართვა აღარ შეუძლია.
"5 ვარსკვლავის მოძრაობის" ლიდერმა ლუიჯი დი მაიომ თქვა, რომ მის პარტიას ხელახალი არჩევნების არ ეშინია.
სამთავრობო კოალიციის პარტიებს შორის განხეთქილება იტალიის ქალაქ ტურინისა და საფრანგეთის ქალაქ ლიონის დამაკავშირებელი რკინიგზის პროექტს უკავშირდება. მრავალმილიარდიანი პროექტის ფარგლებში ალპებში 58 კილომეტრი სიგრძის გვირაბი უნდა გაეყვანათ, რასაც "5 ვარსკვლავის მოძრაობა" ეწინააღმდეგება.
პროექტი 20 წლის წინ დაიწყო და 2025 წელს უნდა დასრულებულიყო. თავდაპირველი გათვლებით ის 8.6 მილიარდი ევრო დაჯდებოდა, თუმცა იტალიის ტრანსპორტის მინისტრმა, "5 ვარსკვლავის მოძრაობის" წევრმა დანილო ტონინელიმ თქვა, რომ ფასი 20 მილიარდს მიაღწევს. პარტიაში მიაჩნიათ, რომ ეს ზედმეტად ძვირადღირებული პროექტია და ამასთანავე გარემოსათვის საზიანო.
სალვინის აზრით კი რკინიგზა მგზავრობის დროს გაანახევრებს, მანქანების რაოდენობას შეამცირებს და სამუშაო ადგილებს შექმნის.
გასულ წელს ჩატარებულ არჩევნებში "5 ვარსკვლავის მოძრაობამ" 2-ჯერ მეტი ხმა მიიღო, ვიდრე "ჩრდილოეთის ლიგამ" თუმცა გამოკითხვები აჩვენებს, რომ ამჟამად საპირისპირო მდგომარეობაა.
კოალიციის დაშლაზე საუბარი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. ივლისში სალვინიმ თქვა, რომ ჯერ კიდევ არის დრო იტალიის პარლამენტის დასაშლელად და ზაფხულის შესვენების შემდეგ არჩევენების დასანიშნად.
სალვინიმ თქვა, რომ არსებული მთავრობის შენარჩუნება დამოკიდებულია სამთავრობო კოალიციაში მათი პარტნიორის "5 ვარსკვლავის მოძრაობის" გადაწყვეტილებაზე და მათთან რეგიონული ავტონომიის გაზრდაზე, მომავალი წლის ბიუჯეტსა და სასამართლო სისტემის რეფორმაზე თანამშრომლობაზე.
მაშინ დი მაიო ამბობდა, რომ სხვაგვარი სამთავრობო კოალიციის შექმნა შეუძლებელია და ალტერნატიულ ვარიანტებ მემარცხენე-ცენტრისტულ პარტიასთან თანამშრომლობის სახით არ განიხილავენ.
იტალიის კოალიციური მთავრობის პარტნიორებს შორის დაპირისპირება ევროკომისიის პრეზიდენტის პოსტზე გერმანელი ურსულა ფონ დერ ლეიენის დანიშვნას მოჰყვა. "ჩრდილოეთის ლიგამ" მის კანდიდატურას მხარი არ დაუჭირა.
ამის შემდეგ ლუიჯი დი მაიომ თქვა, რომ "ჩრდილოეთის ლიგამ" მის კანდიდატურას მხარი იმიტომ არ დაუჭირა, რომ ვერ მიიღო გარანტია მათი პარტიის წარმომადგენელის, ჯანკარლო ჯორჯეტის კომისიის წევრობის საკითხზე და მათმა დამოკიდებულებამ შესაძლოა ევროპაში იტალიის იზოლაცია გამოიწვიოს. "5 ვარსკვლავის მოძრაობამ" ფონ დერ ლეიენის კანდიდატურას მხარი დაუჭირა.