შინაგან საქმეთა მინისტრი სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური ინიშნება, რომელიც ჯერ კიდევ 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის დაცვას ხელმძღვანელობდა.
გომელაური 2013-2014 წლებში შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე იყო, 2015 წელს შინაგან საქმეთა მინისტრი; 2015 წლიდან საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსია.
სამთავრობო ცვლილებები ქართული ოცნების ოფისში დღეს დაანონსდა.
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია პრემიერი გახდება.
გიორგი გახარიამ თქვა, რომ ირაკლი ღარიბაშვილი დაიკავებს თავდაცვის მინისტრის პოსტს.
ლევან იზორია უხელმძღვანელებს უსაფრთხოების საბჭოს.
შს მინისტრად სუს-ის მოქმედი უფროსი, ვახტანგ გომელაური დაინიშნება.
"ხაზგასმით მინდა მადლობა გადავუხადო პარტიის ხელმძღვანელს, ბატონ ბიძინა ივანიშვილს ნდობისთვის. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. რა თქმა უნდა, მადლობა მინდა გადავუხადო პარტიის თითოეულ წევრს, პოლიტსაბჭოს ასეთი მხარდაჭერისთვის და მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს წინამორბედს, მამუკა ბახტაძეს გაწეული შრომისთვის", - თქვა გიორგი გახარიამ ბრიფინგზე.
მისივე თქმით, სამთავრობო ცვლილებებს და პროგრამას პარლამენტში ის დღეს წარადგენს.
ქართული ოცნების ამ განხცხადების პარალელურად პარტიის ოფისთან აქცია"სირცხვილია" მიმდინარეობს.
ორ თვეზე მეტია, ანტისაოკუპაციო აქცია სირცხვილია იმართება - სამოქალაქო აქტივისტები გიორგი გახარიას შს მინისტრის პოსტიდან გადადგომას 20 ივნისის აქციის ძალადობრივი დაშლის გამო ითხოვდნენ. მმართველმა გუნდმა აქციის 76-ე დღეს ის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტიდან მართლაც გადააყენა, თუმცა, დააწინაურა და მთავრობის მეთაურად დანიშნა.





