მამუკა ბახტაძის გადადგომა

თალაკვაძე ბახტაძის გადადგომაზე: თანამდებობა გუნდის არც ერთი წევრის თვითმიზანი არ არის

ქართული ოცნების გუნდში თანამდებობა არც ერთი წევრის თვითმიზანი არ არის და ბუნებრივია, როცა ქვეყანას, საზოგადოებას სჭირდება ცვლილებები, ეს ცვლილებები ხდება - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე მამუკა ბახტაძის გადადგომას. 

მისი თქმით, ცვლილებები ხდებოდა ადრეც და ხორციელდება ახლაც. მისივე თქმით, მამუკა ბახტაძემ ძალიან მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა სამთავრობო და ქართული ოცნების პოლიტიკური პროგრამის განხორციელებაში. თალაკვაძემ ბახტაძეს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. 

ასევე, პარლამენტის თავმჯდომარემ იმ მიმართულებებზე გაამახვილა ყურადღება, რომელშიც, მისი აზრით, ბახტაძემ წარმატებას მიაღწია. 

"ეს არის განათლების სფერო, მისთვის უპრეცედენტოდ მაღალი დაფინანსების გამოყოფა. მეორე ესა არის მწვანე ეკონომიკა და მესამე ესა არის მაკროეკონომიკური სტაბილურობა, რაც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის მაკროეკომიკური მაჩვენებლების საკითხს, ეკონომიკური პოლიტიკის დაგეგმვასა და განხორციელებას იმგვარად რომ ჩვენმა ქვეყანამ მომავალში თავისი მაკროეკონომიკური მდგომარეობა გააუმჯობესოს და ეს გამოხატოს პარამეტრებში და საერთაშორისო რეიტინგები მიიღოს უკეთესი"- ამბობს თალაკვაძე. 

თალაკვაძე ამბობს, რომ თანამდებობის დატოვება ბახტაძის გადაწყვეტილება იყო. 

დღეს, 2 სექტემბერს, მამუკა ბახტაძემ ფეისბუქზე პოსტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს განვითარების სტრატეგიის მიმართულებები შეაჯამა. პოსტში აღნიშნა, რომ ვინაიდან "განვითარების სტრატეგიული ჩარჩო შექმნილია, დანერგილია, შესაბამისად, მიიღო გადაწყვეტილება თანამდებობის დატოვების შესახებ, რადგან თვლის, რომ თავისი მისია ამ ეტაპისათვის შეასრულა". 

კომენტარები