ავთანდილ წერეთლის ბრალი

ადვოკატი: ავთანდილ წერეთელი დარწმუნებულია, რომ ბრალდება იქნება დაუსაბუთებელი

საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ წარდგენილ ბრალდებას ავთანდილ წერეთელი აბსურდად მიიჩნევს - ამის შესახებ ბიზნესმენ ავთანდილ წერეთლის ადვოკატმა, კახა წერეთელმა თქვა. 

მისი თქმით, ბიზნესმენი საქართველოში არ არის და პროკურატურაში მის ნაცვლად მივა. 

"გვითხრეს რომ მის მიმართ გამოტანილია დადგენილება მის მიმართ დევნის დაწყების თაობაზე. ჩვენ ვვარაუდობთ რომ საუბარია 2008-2009 წლების ტრანზაქციებზე. ის დარწმუნებულია, რომ რასაც არ უნდა ეხებოდეს ბრალდება, მას არანაირ დანაშაულებრივ საქმიანობაში მონაწილეობა არ მიუღია. შესაბამისად, დარწმუნებულია რომ ბრალდება იქნება დაუსაბუთებელი"- ამბობს ადვოკატი.  

მისივე თქმით, უფრო ვრცელ კომენტარს საქმის მასალების გაცნობის შემდეგ გააკეთებს. 

ბიზნესმენ ავთანდილ წერეთელს ბრალი დღეს წარუდგინეს. მთავარი პროკურატურა მას, თიბისი ბანკის დამფუძნებლებისათვის უკანონო შემოსავლების ლეგალიზებაში დახმარებას ედავება, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება. უწყებაში ამის შესახებ დღეს გამართულ ბრიფინგზე ისაუბრეს. 

ამავე საქმეზე ტვ პირველის დამფუძნებელი ვატო წერეთელი თბილისის საქალაქო სასამართლოში 8 აგვისტოს მოსამართლის თანდასწრებით დაკითხეს. 

ვატო წერეთლის თმით, TV პირველთან დაკავშირებით იყო კონკრეტული შემოტევები და ამიტომ ტელევიზია არის და კვლავ დარჩება დამოუკიდებელი, ყოველგვარი გავლენის მიღმა, - "ამიტომ ჩვენ ყოველთვის ველოდებით, რომ იქნება შემოტევები"

"ჩემი აზრით, უნდათ ჩემი ოჯახის წევრზე, მამაზე, სისხლის სამართლის საქმის აღძრა და ამით, ჩემი აზრით, შეეცდებიან ჩემზე პირადად მანიპულირებას"- თქვა დაკითხვის შემდეგ ვატო წერეთელმა. 

შეგახსენებთ, რომ 24 ივლისს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს უკანონო შემოსავლების ლეგალიზაციის ფაქტზე ბრალი წარუდგინა.

TBC ბანკის წინააღმდეგ 2008 წლის ტრანზაქციების საქმის შესწავლა პროკურატურამ 2019 წლის იანვარში დაიწყო.

ბიზნესმენი ავთანდილ წერეთლი ერთერთი მთავარი ფიგურაა ამ ტრანზაქციებში. ამ საქმეზე საქალაქო სასამართლომ ბიზნესმენებს მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით 700 000 - 700 000 ლარი შეუფარდა. ეს ტრანზაქცია გახდა გაცხადებული მიზეზი საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის, მხრიდან მოთხოვნისა, ხაზარაძესა და ჯაფარიძეს TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოში თანამდებობები დაეტოვებინათ.

კომენტარები