Ryanair

Ryanair თბილისი-მილანის რეისს 2019 წლის ნოემბრიდან შეასრულებს, 1 გზის ფასი 20 ევროდან იწყება

ირლანდიური დაბალბიუჯეტიანი კომპანია Ryanair თბილისი-მილანის რეისს 2019 წლის ნოემბრიდან შეასრულებს. ოფიციალურ საიტზე პირველი ფრენის თარიღად 6 ნოემბერია მითითებული. რეისები თბილისიდან მილანის მიმართულებით და პირიქით, კვირაში ოთხჯერ შესრულდება. 1 გზის ფასი 20 ევროდან იწყება.

Ryanair-ის საიტზე ასევე დაემატა ორი ახალი მიმართულება ქუთაისიდან - ბოლონია და მარსელი. ამ მიმართულებების დაწყების დრო და ფასი უცნობია. 

ხელშეკრულება დღეს გაფორმდება. ხელს მოაწერენ საქართველოს აეროპორტების გაერთიანების დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე და Ryanair-ის კომერციული დირექტორი დევიდ ო’ ბრაიენი. ხელმოწერას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა დაესწრება.

"მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი და ცნობილი დაბალბიუჯეტური ავიაკომპანია საქართველოდან პირდაპირ ავიარეისებს ევროპის მიმართულებით როგორც ქუთაისის, ისეთი თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან შეასრულებს" - აცხადებს ეკონომიკის სამინისტრო.

Ryanair-ის საქართველოში შემოსვლა წლის დასაწყისში ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ დააანონსა. მისი თქმით, დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია პირდაპირ მიმართულებებს დაამატებდა. ამასთან, ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ამბობდა, რომ 2013 წელს, Ryanair-თან კონტრაქტის გაფორმება "არამიზნობრივი" და "არახელსაყრელი" იყო. 

საქართველოს მთავრობას ირლანდიურ კომპანიასთან მოლაპარაკებების გაჭიანურებაში ადანაშაულებდა ევროპული საქართველოს დეპუტატი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით, Ryanair-თან ხელშეკრულება 2013 წელს უნდა გაფორმებულიყო, რაც საქართველოს მთავრობამ ჩაშალა. კანდელაკი ამბობს, რომ გეგმის თანახმად, Ryanair-ის შემოსვლის შემთხვევაში, დღეს ქუთაისის აეროპორტს ორ მილიონზე ბევრად მეტი მგზავრი უნდა ჰყოლოდა. 

კომენტარები