პროკურატურის განცხადებით, მათ სასამართლოს მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის საბანკო ანგარიშებზე "დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ფულადი თანხის", 16 664 000 ამერიკული დოლარის ეკვივალენტის ქონების დაყადაღების შუამდგომლობით მიმართეს.
"ამჟამად მიმდინარეობს განჩინების აღსრულებისათვის კანონმდებლობით დადგენილი საპროცესო მოქმედებები. გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ, რომ ყადაღა წარმოადგენს სისხლის სამართლის საპროცესო დროებით იძულებით ღონისძიებას და გამოიყენება განაჩენის აღსრულებამდე. მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს 2019 წლის 24 ივლისს ბრალი წარედგინათ ჯგუფურად, 16 664 000 ამერიკული დოლარის უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, რასაც თან ახლდა განსაკუთრებით დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება (დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194 მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით),”- აცხადებენ საქართველოს პროკურატურაში.
TBC ბანკის დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის თქმით კი, სასამართლომ მისი და ბადრი ჯაფარიძის ყველა ანგარიში დააყადაღა. ხაზარაძე ამ ფაქტს დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ანაკლიის პორტის პროექტის შეჩერების მცდელობად აფასებს.
"დღეს პროკურატურის მოთხოვნით და სასამართლოს განჩინებით მოხდა ჩემი და ბადრი ჯაფარიძის ყველა საბანკო ანგარიშის დაყადაღება. ეს ქმედება ემსახურება მხოლოდ ერთ მიზანს, რომ მოხდეს ჩვენს მიერ დაანონსებული საზოგადოებრივი მოძრაობის და ყველა მიმდინარე დასაფინანსებელი საქველმოქმედო და ბიზნეს პროექტის, მათ შორის ანაკლიის საბოლოოდ გაჩერება. ვერ შეგვაშინებთ. ბრძოლას ვაგრძელებთ!!"- წერს ხაზარაძე.
შეგახსნებთ, რომ თიბისი ბანკის დამფუძნებლებს ფულის გათეთრების საქმეზე ბრალი 24 ივლისს წარუდგინეს. საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ხაზარაძესა და ჯაფარიძეს 700-700 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.





