რუსთავი 2-ის ახალი მენეჯმენტი

ომბუდსმენი R2-ზე: ჟურნალისტების გათავისუფლების საფუძვლები დამატებით შესწავლას მოითხოვს

სახალხო დამცველის აპარატი

საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის გარშემო მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ ჟურნალისტების გათავისუფლების მიზეზი სავარაუდოდ, მათი განსხვავებული მოსაზრებაა.

"გამომდინარე იქიდან, რომ შესაძლოა ჟურნალისტთა გათავისუფლება მათ განსხვავებულ მოსაზრებებს უკავშირდებოდეს, სახალხო დამცველი გამოთქვამს მზადყოფნას, მომართვის შემთხვევაში, დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლის მანდატის ფარგლებში შეისწავლოს ინდივიდუალური შემთხვევები, ამასთან, გაეცნოს და შეაფასოს საქმესთან დაკავშირებული ნებისმიერი მასალა, შრომითი ხელშეკრულებების ჩათვლით.

აღსანიშნავია, რომ 2019 წლის 18 ივლისის საჯარო განცხადებით, ასევე, 2019 წლის 26 ივლისს ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გენერალურ დირექტორთან შეხვედრისას, სახალხო დამცველმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია მიმდინარე პროცესები უარყოფითად არ აისახოს ქვეყანაში პლურალისტური მედია გარემოს შენარჩუნებაზე, ამავე დროს, უზრუნველყოფილი იყოს კომპანიაში დასაქმებული ჟურნალისტების შრომითი უფლებები და მათი პროფესიული თავისუფლება"- წერია განცხადებაში. 

თუმცა, ომბუდსმენის თქმით, ტელეკომპანიის ხელმძღვანელის დაპირების მიუხედავად, გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შრომითი კონტრაქტები უწყდებათ ტელეკომპანიის საინფორმაციო სამსახურის უფროსს და წამყვანი თოქ-შოუების ჟურნალისტებს, რაც ბუნებრივად გამოიწვევს არხის საინფორმაციო პოლიტიკის ცვლილებას.

რაც შეეხებათ გათავისუფლებულ ჟურნალისტებს, სახალხო დამცველს მიაჩნია, რომ მათი გათავისუფლების საფუძვლები დამატებით შესწავლას და შეფასებას მოითხოვს, შესაძლო დისკრიმინაციული საფუძვლის გამოსარიცხად.

დღეს, 20 აგვისტოს, რუსთავი 2-ის ახალმა გენერალურმა დირექტორმა, პაატა სალიამ, ტელეკომპანიიდან საინფორმაციოს ხელმძღვანელ ნოდარ მელაძესთან ერთად, პოლიტიკური და გასართობი თოქ-შოუების წამყვანები გიორგი გაბუნია, ნანუკა ჟორჟოლიანი და ეკა კვესტიაძეც გაათავისუფლა. სალიას თქმით, მათი გათავისუფლების მიზეზი არხთან ინტერესთა კონფლიქტია. 

კომენტარები