რუსული ოკუპაცია

ვოლსკი მთავრობის წევრების გუგუტიანთკარში არჩასვლაზე: ნუ, ჩავლენ, როცა საჭირო იქნება

ნუ, ჩავლენ, როცა საჭირო იქნება - ასე უპასუხა უმრავლესობის წევრმა გია ვოლსკიმ კითხვას, თუ რატომ არ ჩადიან საქართველოს უმაღლესი თანამდებობის პირები საოკუპაციო ხაზთან, გორის სოფელ გუგუტიანთკარში.

ვოლსკის თქმით, ის რაც გუგუტიანთკარში ხდება ოკუპაციის სახეა და რუსეთმა სწორედ იმ ხალხის საშუალებით მოახდინა, ვინც ახლა ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს. 

"ეს არის საოკუპაციო ხაზის ბორდერიზაციის გაგრძელების პროცესი. ეს არის ოკუპაცია, ანუ ოკუპაციას ასეთი სახე აქვს, ნაცმოძრაობა და მათი წარმომადგენლები სვამენ, რატომ არის რომ რუსი ოკუპანტი რომ იქ ავლებს მავთულხლართს და სვამს საზღვარს - ოკუპაცია მოახდინეს იმ ხალხის მეშვეობით, ვინც დღეს ხმამაღალ განცხადებებს აკეთებს"- ამბობს გია ვოლსკი. 

სოფელ გუგუტიანთკარში რუსი ოკუპანტები 19 აგვისტოს კვლავ გამოჩნდნენ. საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა რკინის ბოძები სატვირთო მანქანებით მიიტანეს. 

მავთულხლართების გაბმის პროცესი 3 დღის განმავლობაში შეჩერებული იყო. 

გორის სოფელ გუგუტიანთკარში ოკუპანტებმა რამდენიმე დღის წინ საოკუპაციო ხაზი გადმოწიეს, რის შედეგადაც ორი ოჯახის - რაზმაძეების და გუგუტიშვილების სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე მოხვდა. საოკუპაციო ძალებმა სოფელში მავთულხლართებისა და ძელების მონტაჟი აგვისტოს ომიდან მე-11 წლისთავზე, 7 აგვისტოს დაიწყეს.

ოკუპანტებმა ბოლო დღეების განმავლობაში საოკუპაციო ხაზის მიმდებარე სოფლებიდან საქართველოს 8 მოქალაქე გაიტაცეს და ცხინვალის იზოლატორში გადაიყვანეს. მათი გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება. ოჯახის წევრებს ასევე არ აქვთ ინფორმაცია დაკავებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. 

საქართველოს პრემიერმინისტრი და პარლამენტის თავმჯდომარე საოკუპაციო ხაზთან არ ჩასულან.

პრემიერი მამუკა ბახტაძე 16 აგვისტოს ზუგდიდსა და აბაშაში იმყოფებოდა, სადაც თქვა, რომ ფაროსანას პრობლემა დასასრულს მიუახლოვდა. 17 აგვისტოს კი ის წეროვანში ომის ვეტერანებს შეხვდა და ქრონიკული დაავადებების მედიკამენტების ერთ ლარად შეძენას დაპირდა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, არჩილ თალაკვაძე 17 აგვისტოს ფოთში იყო, სადაც მეთევზეებს შეხვდა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ლოპოტას ტბაზე დაისვენა. 19 აგვისტოს მან თქვა, რომ "როცა განცხადების გაკეთებას გადაწყვეტს, გაგვაფრთხილებს". 

გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი კი გონიოში ისვენებდა და ადგილზე 18 აგვისტოს ჩავიდა. 

კომენტარები