რუსული ოკუპაცია

ომბუდსმენი გუგუტიანთკარზე: 2 სახლი საოკუპაციო ხაზს მიღმა ექცევა, სამ დღეში უნდა დაცალონ

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის სამინისტრო

საქართველოს სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, გორში, სოფელ გუგუტიანთკარში ჩავიდა, სადაც რუსმა სამხედროებმა მავთულხლართების მონტაჟი განაახლეს. ლომჯარიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, დაზარალებულ მოსახლეობას აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება. 

სახალხო დამცველი იმ ოჯახებს შეხვდა, რომელთა სახლები ოკუპირებულ ტერიტორიაზე აღმოჩნდა. ომბუდსმენის თქმით, ოკუპანტებმა გუგუტიანთკარელებს საცხოვრებლის დასატოვებლად სამდღიანი ვადა მისცეს.

"ვნახე ბოლო დღეების განმავლობაში დამონტაჟებული კონსტრუქციები, მიმდინარეობს შემოღობვა, გავესაუბრე ადგილობრივებს, ვნახე რომ ორი სახლი ექცევა ამ ღობის მიღმა, ვესაუბრე ერთ-ერთი სახლის მესაკუთრეს, ამჟამად ეს ოჯახი აკეთებს საკუთარი სახლის დემონტაჟს, რაც შესაძლებელი იქნება გამოიტანოს სახლიდან. უთხრეს რომ სამ დღეში უნდა დაცალოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ვეღარ შევა ამ ტერიტორიაზე. ვესაუბრე ოჯახის დიასახლისსაც, რომელიც ამბობს რომ ამ ტერიტორიაზე შემოდიოდა და უვლიდა ხეხილის ბაღს. სამ დღეში ამ ადამიანებს საკუთარ სახლში შესვლის უფლება აღარ ექნებათ და ეს ძალიან მძიმე სანახავია. ეს ე.წ. ბორდერიზაცია არამხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე მცხოვრებ პირებს, არამედ ეთნიკურად არაქართველ მოსახლეობასაც ძალიან სერიოზულ პრობლემებს უქმნის გადაადგილების თვალსაზრისით, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების საქმიანობის წარმოების თუ ჯანდაცვის უფლების თვალსაზრისით. ეს არის ნამდვილად ჰუმანიტარული კატასტროფა, რასაც ჩვენ ვუყურებთ. ასე, რომ ჩემი მოწოდება იქნებოდა ხელისუფლებისადმი რომ იმ ადამიანებს, რომლებიც განსაკუთრებით ზარალდებიან და უშუალოდ ეხებათ ეს პროცესი აღმოუჩინონ მაქსიმალური დახმარება"- ამბობს ლომჯარია. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკართან, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები რამდენიმე დღეა, მავთულხლართებს ამონტაჟებენ. ადგილობრივი მოსახლეობის თქმით, ოკუპანტები მათ ნათესებში ძელებს არჭობენ და საოკუპაციო ხაზს წევენ. სოფელში ქართველი სამართალდამცველები პატრულირებენ. 

ტაბულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ დილიდან ორჯერ გააქტიურდა ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია.

"როგორც უკვე აღვნიშნეთ, ეს არის მორიგი უკანონო და დესტრუქციული ქმედება. აღნიშნული საკითხი ერგნეთში, ინციდენტების პრევენციის და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე მწვავედ იქნება დაყენებული"- აცხადებენ სუს-ში. 

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ გუგუტიანთკარის სიახლოვეს საოკუპაციო ძალების მხრიდან ხელოვნური ბარიერების აღმართვის უკანონო პროცესი 7 აგვისტოს განახლდა, თუმცა საღამოს შეჩერდა. 

ოკუპანტებმა მავთულხლართების მონტაჟი 14 აგვისტოს განაახლეს, რაზეც საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ შეშფოთება გამოთქვა. უწყების თქმით, მსგავსი დესტრუქციული ნაბიჯები უკიდურესად ართულებს საოკუპაციო ხაზის სიახლოვეს მცხოვრები მოსახლეობის ისედაც მძიმე ჰუმანიტარულ მდგომარეობას და ახდენს უსაფრთხოების გარემოს შემდგომ დესტაბილიზაციას.

კომენტარები