ჩემთვის 2008 წლის აგვისტოს ომი არის ერთ-ერთი ყველაზე სახელოვანი ისტორია მთელის საქართველოს არსებობის მანძილზე. ეს იყო ნამდვილი გმირობის ძალიან დიდი მაგალითი - ასე გამოეხმაურა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აგვისტოს ომის მეთერთმეტე წლისთავს.
სააკაშვილი facebook-ზე გავრცელებულ ვიდეოში ამბობს, რომ11 წლის წინ, მრავალი პროვოკაციის, შეიარაღებული შეტაკების, დიდი საერთაშორისო პროპაგანდის, კიბერშეტებევის, ეკონომიკური ემბარგოს შემდეგ პუტინი საქართველოს სრულმასშტაბიანად თავს დაესხა მთელი თავისი შეიარაღებული ძალებით.
გიორგი ანწუხელიძე, შინდისის გმირები, ჩვეულებრივი სამოქალაქო ადამიანები, რომლებიც წარმოუდგენელ გამბედაობას იჩენდნენ და მთლიანად ქართული საზოგადოება, ძალიან იშვიათი გამონაკლისების გარდა, რომელიც ერთ მუშტად შეიკრა. ყველა ერთად რუსთაველზე დადგა. საქართველოს მასშტაბით ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა. არ შედრკა, უკან არ დაიხია, არ შეშინდა და თავის ქვეყანა დაიცვა. ეს ნამდვილი გმირობაა, რადგან 2008 წელს, ვინც რა არ უნდა ილაპარაკოს, პუტინის რუსეთმა ვერ გადაწყვიტა მისი ვერც ერთი სტრატეგიული ამოცანა. მათ ვერ შეძლეს საქართველოს საგარეო პოლიტიკური კურსის შეცვლა. მათ ვერ შეძლეს საქართველოს მთავრობის დამხობა და ვერ შეძლეს ქართველი ერის წელში გატეხვა. ამგვარად, საქართველო მაშინ გადარჩა ჩვენი გმირების წარმოუდგენელი ძალისხმევითა და ჩვენი ხალხის ერთიანობით და განსაკუთრებული გამბედაობით. ის, რაც ჩვენ 2008 წელს მოვახერხეთ, რომ საქართველო გადავარჩინეთ, პოლიტიკოსებმა 2012 წელს ვეღარ მოვახერხეთ და 2012 წელს პუტინმა მოიყვანა და მისი მხარდაჭერით ივანიშვილი მოვიდა"- ამბობს სააკაშვილი.
მისივე თქმით, ივანიშვილის ხელისუფლებაში ყოფნა, ეს არის პუტინის ომის გაგრძელება ქართველი ხალხის წინააღმდეგ. სააკაშვილი ამბობს, რომ ივანიშვილის მიზანია ქვეყანაში დემოკრატიის ნიშანსვეტი მოსპოს.
"მარტო ის რად ღირს, რომ ივანიშვილი და მისი მინისტრი წულუკიანი და მათი დამქაშები უკვე რამდენიმე წელიწადია მასობრივად ლობირებენ ჰააგის საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში, რომ ქართველი სამხედროები გასამართლდნენ ჩვენი თავდაცვითი ომის გამო, აგრესიისადმი წინააღმდეგობის გაწევის გამო, ისინი ამას ამ წუთებშიც, როცა ამას ვლაპარაკობ, აგრძელებენ ამ ძალისხმევას თავისი ლობისტების და თავისი შიდა გამოძიების ორგანოების მეშვეობით. ეს არის წარმოუდგენელი მაგალითი ქართველი ერის ინტერესების წინააღმდეგ წასვლის და სამართლიანობის წინააღმდეგ წასვლის, მაგრამ ეს ნამდვილად ხდება"- აღნიშნავს ის.
სააკაშვილი ამბობს, რომ საბოლოო გამარჯვება საქართველოს გამთლიანება იქნება.
"ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს, მაგრამ ამისათვის აუცილებელია, ამ შიდა მე-5 კოლონის, ამ მტრის, "ნამესნიკის" ჩამოშორება საქართველოს ხელისუფლებისგან. ის, რაც ჩვენ ვერ მოვახერხეთ 2012 წელს პოლიტიკოსებმა, ახლა ამას ახერხებენ ქართველი ახალგაზრდები, მე მინდა მათ მივესალმო, მე მინდა მივესალმო იმ ადამიანებს, ვინც სიცოცხლე გარისკა 20 ივნისს, ვინც დაკარგა მხედველობა, ვინც დაკარგა ჯანმრთელობა, მაგრამ არ დაიხია უკან, ვინც დაკარგა თავისუფლება, ახლა იმყოფება ციხეებში - ყველაფერი გამოგვივა, საქართველო აუცილებლად გაიმარჯვებს შინდისის გმირების სისხლი, ანწუხელიძის სისხლი ტყუილად ნამდვილად არ დაღვრილა"- ამბობს მიხეილ სააკაშვილი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომიდან 11 წელი გავიდა. რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, საიდანაც ბევრი კვლავ დევნილობაში რჩება.





