უზენაეს სასამართლოში დასანიშნი მოსამართლეები

NGO-ები საბჭოში გასაუბრებაზე: ქალებისთვის ასეთი სამუშაო პირობები ირიბი დისკრიმინაციაა

ხატია ჯამალაშვილი/საზოგადოებრივი მაუწყებლის რადიო

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის 22 და 23 ივლისს, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების, ანა დოლიძის და ნაზი ჯანეზაშვილის მიერ, უზენაესი სასამართლოს კანდიდატებთან გასაუბრების პროტესტის ნიშნად დატოვების ფაქტს ეხმაურება. 

არასამთავრობო ორგანიზაციები აღნიშნავენ, რომ საპროტესტო ქმედება გენდერული დისკრიმინაციით იყო განპირობებული. კერძოდ, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გასაუბრების პროცესის სამუშაო საათების მიღმა მნიშვნელოვანი გადაცილების გზით მშობლის მოვალეობის უგულებელყოფა ხდებოდა. 

განცხადებაში კოალიციამ საბჭოს წევრის, ნაზი ჯანეზაშვილის ნათქვამიც აღნიშნა. ჯანეზაშვილის თქმით, მას 9 თვის შვილი ჰყავს, რომლისთვისაც აუცილებელია დედასთან ურთიერთობა და დედის ყურადღება, რასაც მნიშვნელოვნად უზღუდავს საბჭოს დანერგილი არასათანადო სამუშაო გრაფიკი.

კოალიციის განცხადებით, ქალებისათვის იმგვარი სამუშაო პირობების განსაზღვრა, რომელიც გამორიცხავს მათი მხრიდან ბავშვებზე ზრუნვას და დედის მოვალეობების განხორციელებას, თავისი არსით, ირიბი დისკრიმინაციაა. ამასთან, სამუშაო საათების მიღმა კანდიდატებთან გასაუბრების პროცესის გაგრძელება აზიანებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესის ხარისხსაც. ყოველგვარი ნორმირებული დროის უგულებელყოფით გასაუბრების ჩატარება პრაქტიკულად გამორიცხავს კანდიდატების სრულფასოვან, ხარისხიან შეფასებას, აზიანებს როგორც კანდიდატის, ისე საბჭოს წევრების, საბჭოს აპარატის და პროცესზე დამკვირვებელი პირების ინტერესებს. 

კოალიცია აღნიშნავს, რომ საბჭოს მხრიდან მსგავსი საქციელის გაგრძელება შესაძლოა ხარისხის ხარჯზე პროცესის დაჩქარების მცდელობად შეფასდეს.

ორგანიზაციების თქმით, საქართველოს კონსტიტუციის მე-11 მუხლი უზრუნველყოფს ქალებისა და კაცებისათვის არსებითი თანასწორობის გარანტიების შექმნას, რომელიც ფორმალური თანასწორობისგან განსხვავდება სწორედ იმით, რომ ითვალისწინებს ისტორიულად გამყარებულ უთანასწორობას ქალების მიმართ და ახდენს მათ კომპენსაციას სპეციალური ზომების მიღებით. 

განცხადებაში კოალიცია აღნიშნავს საქართველოს კანონს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“, რომლის მიხედვითაც კანონმდებლობით აკრძალულია არაპირდაპირი დისკრიმინაცია ანუ, ფორმით ნეიტრალური და არსით დისკრიმინაციული პრაქტიკა, რომელიც ადამიანების ჯგუფს არახელსაყრელ მდგომარეობაში აყენებს ანალოგიურ პირობებში მყოფ სხვა პირებთან შედარებით ან თანაბარ მდგომარეობაში აყენებს არსებითად უთანასწორო პირობებში მყოფ პირებს.

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის არანორმირებული სამუშაო საათების დაწესებით ქალების მიმართ შექმნილი არახელსაყრელი პირობების დასაბუთებისათვის ამ მიმართულებით ევროკომისიის უახლეს სტატისტიკას ეყრდნობა.

ევროკომისიის სტატისტიკის მიხედვით, ვროკავშირის ქვეყნებში ქალთა დასაქმების მაჩვენებელი მნიშვნელოვნად (65.3%) ჩამორჩება კაცების დასაქმების მაჩვენებელს (76.8%). ეს იმ ფონზე, როდესაც უმაღლესი განათლების მქონე ქალთა რაოდენობა, აღემატება უმაღლესი განათლების მქონე კაცების რაოდენობას მთელ რიგ ასაკობრივ ჯგუფებში. შესაბამისად, ქალების დასაქმების დაბალი მაჩვენებლი მათი მხრიდან კვალიფიკაციის ნაკლებობით ვერ აიხსნება. 

კოალაცია აღნიშანვს, რომ ევროსტატის სტატისტიკაზე დაყრდნობით ევროკომისია მიუთითებს, რომ ქალების დასაქმებაზე უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქალების მშობლის როლთან და ოჯახში ზრუნვის ვალდებულებებთან დაკავშირებული ფაქტორები. კერძოდ, სტატისტიკის თანახმად, 25-დან 49-წლამდე ასაკობრივ ჯგუფში, ქალების 50%-ზე მეტი იმიტომ რჩება დაუსაქმებელი, რომ მათ უწევთ პატარა ბავშვებზე ან უმწეო ოჯახის წევრებზე ზრუნვა. სწორედ არანორმირებული სამუშაო საათები და ბავშვების საჭიროებაზე მორგებული სამუშაო გრაფიკის უქონლობა აიძულებს ქალების უმრავლესობას უარი თქვან სამსახურზე და კარიერულ წინსვლაზე. შესაბამისად, მსგავსი ფაქტორების გავლენა ქალებზე უფრო აისახება ვიდრე კაცებზე. 

კოალიციის განცხადებაში ნათქვამია, რომ დისკრიმინაციასთან დაკავშირებული გადაწყვეტილებები დასაქმების სფეროში უმეტესად მიიღება გადაწყვეტილების მიმღები კაცების მიერ, რომელთაც ძირითადად ქალებთან შედარებით არ გააჩნიათ ემპირიული გამოცდილება ბავშვებზე ზრუნვის არაპროპორციულად დიდი ტვირთისა, რაც დაკავშირებულია კულტურალურად გამყარებულ გენდერულ როლებთან და სტერეოტიპებთან.

კოალიციის ინფორმაციით, სასამართლო სისტემაში ქალების ზრუნვის ვალდებულების გაუთვალისიწინებლობის პრობლემა სიახლეს არ წარმოადგენს. იგი გამოვლინდა კოალიციის მიერ 2016 წელს ჩატარებულ კვლევაშიც, სადაც ყოფილი და მოქმედი ქალი მოსამართლეები მიუთითებდნენ, რომ სასამართლო სისტემაში დაწინაურება მათ ხშირად ოჯახური და მშობლის ვალდებულებების უგულებელყოფის ფასად უწევდათ. მსგავსი ღირებულებების და დამოკიდებულებების შენარჩუნება სასამართლო სისტემაში, მომავალშიც გამორიცხავს გენდერული თანასწორობის მიღწევას, რომელიც გენდერული ბალანსისგან მნიშვნელოვნად განსხვავებული ცნებაა და გულისხმობს არამარტო ქალი მოსამართლეების არსებობას, არამედ მათთვის თანაბარი შესაძლებლობის მიცემას დაწინაურებისთვის.

მათი თქმით, დღეს საქართველოს უზენაესი სასამართლოს კანდიდატების გასაუბრების პროცესს ათასობით ქალი ადევნებს თვალს, რომლებისთვისაც მნიშვნელოვანია დაინახონ, რომ სასამართლო სისტემა აღიარებს ქალების ისტორიულ უთანასწორობას ქვეყანაში. დასაქმების ადგილას ქალებისათვის არსებით თანასწორობის მიღწევა გულისხმობს ქალების, როგორც დედის და მშობლის საჭიროებების გათვალისწინებას. შესაბამისად, ყველა ქალისთვის მნიშვნელოვანია დაკმაყოფილდეს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრების მოთხოვნა სამუშაო დროის ზრუნვის ვალდებულებებთან შეთავსების შესახებ იმისათვის, რომ მათ მომავალში სასამართლოს საკუთარი უფლებების და თანასწორობის დასაცავად მიმართონ. ეს ცვლილება რეალურად წარმოადგენს არა მხოლოდ საბჭოს ორი არამოსამართლე ქალი წევრის საჭიროებას, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ყველა იმ წევრის თანასწორობის უფლების დაცვას, რომელთაც ჰყავთ ბავშვები ან აქვთ მზრუნველობის ვალდებულებები ოჯახის წევრების მიმართ.  

"ამასთან, როგორც ითქვა, ყოველგვარი გონივრული დროის გადაცილებით გასაუბრებების გაგრძელება აზიანებს თავად კანდიდატების შერჩევის პროცესს და ლახავს თავად კანდიდატების, საბჭოში დასაქმებული პირებისა და მონიტორების ინტერესებს",-ვკითხულობთ განცხადებაში.

კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს გაითვალისწინოს საბჭოს არამოსამართლე წევრების განცხადება და უზრუნველყოს საქართველოს კონსტიტუციით და ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული არსებითი თანასწორობა ქალებისათვის სასამართლო სისტემაში ადეკვატური და ღირსეული სამუშაო პირობების შექმნით. მივმართავთ იუსტიციის უამღლეს საბჭოს გასაუბრებები წარმართოს სამუშაო საათებში და უარი თქვას არანორმირებულ სამუშაო გრაფიკზე.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატებთან გასაუბრება 17 ივლისს დაიწყო. დღეში გამოიკითხება 3 კანდიდატი. გასაუბრება დილის 10 საათზე იწყება და საშუალოდ 12 საათს გრძელდება. 

საბჭომ სულ 50 კანდიდატი უნდა გამოკითხოს, მათგან 20-ს კი პარლამენტს წარუდგენს. მათგან 10 უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლედ დაინიშნება. 

კომენტარები