დიდი ბრიტანეთი

ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ალან დუნკანმა თანამდებობა დატოვა

ალან დუნკანი
Reuters

ბრიტანეთის ევროპის საქმეთა მინისტრმა ალან დუნკანმა თანამდებობა დატოვა. მისი გადადგომა დიდი ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში ტერეზა მეის შემცვლელის პოსტზე მიმდინარე არჩევნებს უკავშირდება, რომელშიც ბორის ჯონსონის გამარჯვებას მოელიან.

გადადგომის წერილში მან ტერეზა მეის მისწერა:

"დიდი ბრიტანეთი ამდენ კარგს აკეთებს მსოფლიოში. ტრაგიკულია, როდესაც შეგვეძლო ევროპის მასშტაბით და მის გარეთ პოლიტიკურად და ინტელექტუალურად წამყვან პოზიციაზე ვყოფილიყავით, თუმცა ამის ნაცვლად ყოველ სამუშაო დღეს ბრექსითის ბნელი ღრუბლის ქვეშ ვატარებთ."

ამავე მიზეზით თანამდებობიდან გასულ კვირას გადადგა ბრიტანეთის კულტურის მინისტრი მარგო ჯეიმსიც.

გარდა ამისა, ბრიტანეთის ფინანსთა მინისტრმა ფილიპ ჰამონდმა თქვა, რომ თანამდებობას მაშინვე დატოვებს, როგორც კი ბორის ჯონსონი პრემიერმინისტრი გახდება. მან BBC-ს ეთერში თქვა, რომ ჯონსონის ბრექსითის გეგმას 31 ოქტომბერს შეთანხმების გარეშე ევროკავშირის დატოვების თაობაზე მხარს ვერ დაუჭერს.

მანამდე იუსტიციის მინისტრმა დავიდ გაოკემ თქვა, რომ თანამდებობიდან გადადგება, თუ ბორის ჯონსონი პრემიერმინისტრი გახდება.

დღეს ბრიტანეთის კონსერვატიულ პარტიაში ახალ ლიდერს და შესაბამისად ქვეყნის პრემიერმინისტრის პოსტზე ტერეზა მეის შემცვლელს აირჩევენ.

პოსტისათვის ლონდონის ყოფილი მერი და ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ბორის ჯონსონი და მოქმედი საგარეო საქმეთა მინისტრი ჯერემი ჰანტი იბრძვიან. ფავორიტად ჯონსონი მიიჩნევა. შედეგები ხვალ გახდება ცნობილი. გამარჯვებული მოვალეობის შესრულებას ოთხშაბათიდან შეუდგება.

ბორის ჯონსონს მიაჩნა, რომ დიდმა ბრიტანეთმა ევროკავშირი დაწესებულ ვადაში, 31 ოქტომბერს აუცილებლად უნდა დატოვოს, თუნდაც შეთანხმების გარეშე. მისი კონკურენტი ჰანტი კი მიიჩნევს, რომ ახალი შეთანხმების მისაღწევად ბრექსითის ვადის კიდევ ერთხელ გადადება შესაძლებელია.

გასულ კვირას ბრიტანელმა კანონმდებლებმა 315 ხმით 274-ის წინააღმდეგ მხარი დაუჭირეს შემოთავაზებას, რომელიც ევროკავშირიდან შეთანხმების გარეშე გასვლას და ამისათვის პარლამენტის უფლებამოსილების შეჩერებას გაართულებს, თუმცა სრულად არ ბლოკავს.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმინისტრმა ტერეზა მეიმ პოსტი მაისის ბოლოს დატოვა. ევროკავშირის დატოვების თაობაზე მისი გეგმა პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო. ლეიბორისტულ პარტიასთან უშედეგო მოლაპარაკებების შემდეგ მეიმ თანამდებობიდან გადადგომის შესახებ განცხადება გააკეთა.

ბრიტანეთს ევროკავშირი 29 მარტს უნდა დაეტოვებინა, თუმცა იმის გამო, რომ პრემიერმინისტრ ტერეზა მეის მიერ ევროკავშირთან მიღწეული ბრექსითის შეთანხმება ბრიტანეთის პარლამენტმა სამჯერ ჩააგდო, მეიმ ევროკავშირს გასვლის გადავადება სთხოვა. ამჟამად ბრიტანეთს ევროკავშირის დასატოვებლად დრო 31 ოქტომბრამდე აქვს.

კომენტარები