ქართულმა საინვესტიციო ბანკმა Galt & Taggart-მა რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც, 2019 წლის მაისის მონაცემებით, საქართველო ეკონომიკური ზრდის ტემპით რეგიონული ლიდერი არაა.
თუ მაისში სომხეთის რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 7.3%-ით გაიზარდა, საქართველოში ზრდამ 4.7% შეადგინა. აზერბაიჯანის რეალური მშპ 2.2%-ით გაიზარდა, რუსეთის ფედერაციის კი 0.2%-ით შემცირდა.
2019 წელს საქართველოში პირველი ხუთი თვის საშუალო ზრდა 4.9%-ია, ანალოგიურია მშპ-ს პირველი კვარტლის ზრდის მაჩვენებელიც.
საქსტატის ინფორმაციით, მაისში გაიზარდა უძრავი ქონებით ოპერაციებისა და სხვა მომსახურების გაწევის დარგი, ვაჭრობა, სასტუმროებისა და რესტორნების სექტორი.
დამამუშავებელ მრეწველობასა და მშენებლობის სექტორებში კლება შეინიშნებოდა.
7 ივნისს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა აცხადებდა, რომ "საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩნვენებელი არის ერთ-ერთი ყველაზე დინამიური ჩვენს რეგიონში."
ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი 23 აპრილს ამბობდა, რომ საქართველოს ეკონომიკა იმდენად გაიზრდება, რამდენადაც რეგიონი მისცემს საშუალებას:
"ჩვენ გავიზრდებით იმდენად, რამდენადაც რეგიონი მოგვცემს საშუალებას და პლუს, რამდენადაც ეფექტური ვიქნებით ჩვენ თვითონ. ეს პლუსი არის 1,5%-2%." - ამბობდა აპრილში საქართველოს ფინანსთა მინისტრი.