რუსული ოკუპაცია

ლავროვი: საქართველოს ხელისუფლებამ უნდა დაგმოს გიორგი გაბუნიას "სამარცხვინო გამოხდომა"

РИА Новости

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, საქართველოს მიმართულებით ავიარეისებზე დაწესებული შეზღუდვა მაშინ მოიხსნება, როცა ქვეყანაში იქნება მიღებული ყველა ზომა "რუსების უსაფრთხოებისთვის".

ამასთან, სერგეი ლავროვი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება რაც შეიძლება მალე გააცნობიერებს რამდენად საშიშია ანტირუსული ისტერიის გაღვივება. მისივე თქმით, ხელისუფლებამ უნდა დაგმოს რუსთავი 2-ის წამყვანის "სამარცხვინო გამოხდომა", რომელმაც "შეურაცხყოფა მიაყენა რუსეთის პრეზიდენტს და რამაც გამოიწვია ქართველი ხალხის აღშფოთება".

ლავროვმა ამის შესახებ "Аргументы и Факты"-სთან ინტერვიუში ისაუბრა.

"ვიმედოვნებთ, საქართველოს ხელისუფლება შეძლებს საზოგადოებრივ-პოლიტიკური სიტუაციის დასტაბილურებას და აღმოფხვრის იმ საფრთხეებს, რაც რუსებს ემუქრებათ. თუ ეს მოხდება, გადაიხედება რუსეთის მიერ უსაფრთხოებისთვის მიღებული ზომები, ეს შეეხება ავიარეისების აკრძალვასაც", - ამბობს ის.

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ რუსეთი არ აპირებს ჩაერიოს საქართველოს ხელისუფლებისა და ოპოზიციის ურთიერთობაში, რადგან ეს საქართველოს შიდა საქმეებია. თუმცა, "რუსეთი წუხს ზოგიერთი რადიკალურად განწყობილი პოლიტიკოსის მხრიდან რუსოფობიული განწყობების გაღვივების მცდელობის გამო".

"ისინი არ ფიქრობენ იმ ზიანზე, რასაც თავიანთი ქმედებით აყენებენ საკუთარ ქვეყანას, ხალხის კეთილდღეობას, რომლებიც არც თუ მცირედით დამოკიდებულია რუსეთთან ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ კავშირებზე", - ამბობს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი.

ლავროვმა ასევე აღნიშნა, რომ რუსეთს სურს იმეგობროს და ითანამშრომლოს საქართველოსთან, ორივე ქვეყნის მოქალაქეების სასარგებლოდ.

საქართველოსთვის სანქციების დაწესების საკითხი კრემლში მას შემდეგ დადგა, რაც რუსთავი 2-ის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ პუტინს საკუთარ საავტორო გადაცემაში პირდაპირ ეთერში აგინა.

გაბუნიას მონოლოგს ერთი საათის ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პრემიერმინისტრი, საქართველოს პარლამენტის მოქმედი თუ ყოფილი პარლამენტის თავმჯდომარეები და "ქართული ოცნების" დეპუტატები გაემიჯნენ. ხოლო საგარეო საქმეთა სამინისტრო არამხოლოდ გაემიჯნა, არამედ საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, რომ დაეგმოთ გაბუნიას განცხადება. ცხადია, საგარეო უწყებას არცერთი საერთაშორისო ორგანიზაცია არ გამოხმაურებია. 

მოგვიანებით რუსეთის დუმამ მთავრობას მიმართა წინადადებით, საქართველოსთვის ეკონომიკური სანქციები დაეწესებინა, რაზეც პუტინმა თქვა, რომ "საჭირო არ არის" და იქვე მოაყოლა საქართველოს ისტორიის თავისი ვერსია. 

კომენტარები