გახარიას განცხადება ელჩებზე

ხიდაშელი: გახარიას ელჩებზე საუბარი მისი ქმედებების ლეგიტიმაციის ხაზგასასმელად სჭირდებოდა

ტვ პირველი

საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს ელჩების პარლამენტში ყოფნის შესახებ გიორგი გახარიას განცხადების მიზანი იყო ის, რომ თავისი ქმედებების ლეგიტიმაციისთვის ხაზი გაესვა.

"რა თქმა უნდა, გახარიას ეს სჭირდებოდა იმისთვის, რომ საკუთარი მოქმედებების ლეგიტიმაციისთვის ხაზი გაესვა. ეს იყო მთავარი მიზანი თუ მიზეზი ამის თქმის. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ამ აქცენტის გარკვევა, რამდენად სიმართლე იყო, ნეტავ ეს ყოფილიყო ერთადერთი არასწორი ამბავი, რომლის შესახებაც გახარია საუბრობდა. ცუდია, მაგრამ გადავიტანდით, მხოლოდ ეს რომ ყოფილიყო პრობლემა", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა ტელეკომპანია პირველის ეთერში.

ამასთან, ყოფილი მაღალჩინოსანი ამბობს, რომ მინისტრს შეუძლია ჰქონდეს კომუნიკაცია ელჩებთან ისე, რომ ამის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმირებული არ იყოს, მაგრამ ელჩების შეკრების შესახებ უწყებას ინფორმაცია უნდა ჰქონოდა.

"სულ არ გამოვრიცხავ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთოდ არ სცოდნოდა იმ კომუნიკაციის შესახებ, რომელიც შსს-ს ჰქონდა იმ მომენტისთვის დიპკორპუსთან. მეორე საკითხია, ინფორმირებული იყო თუ არა საგარეო საქმეთა სამინისტრო, თუკი სადმე იკრიბებოდნენ ელჩები და ამის შესახებ, რა თქმა უნდა, ინფორმირებული უნდა ყოფილიყო. ისევ ჩემი გამოცდილებით შემიძლია გითხრათ, რომ ჩვენ ყოველთვის ვაგზავნიდით საგარეოში ინფორმაციას, თუკი ელჩები მოდიოდნენ თავდაცვის სამინისტროში, რომ მათგან ვინმე დასწრებოდა ამ შეხვედრას და შესაბამისად, საგარეო ინფორმირებული ყოფილიყო", - აღნიშნა თინა ხიდაშელმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ 11 ივლისს, ტვ პირველის ეთერში თქვა, რომ ის 20 ივნისის ღამეს პარლამენტში რამდენიმე ქვეყნის ელჩებთან ერთად იმყოფებოდა და მათთან ერთად ხედავდა "ზოგიერთი პოლიტიკოსი, როგორ ხელმძღვანელობდა და ლიდერობდა ამ შტურმს".

გახარიას განცხადებას დღეს გამოეხმაურა საგარეო საქმეთა სამინისტროც, რომელიც ამ ინფორმაციას არ ადასტურებს. როგორც უწყების წარმომადგენელი მედიასთან ამბობს, პირველად ესმის, რომ ვინმემ უცხო ქვეყნის ელჩებს მობილიზაცია გაუკეთა და პარლამენტის შენობაში მიიყვანა.

მოგვიანებით, სამინისტრომ ახალი განმარტება გააკეთა და თქვა, რომ ელჩების ფიზიკური მობილიზება არ ყოფილა, თუმცა მათთან ინტენსიური კომუნიკაცია იყო.

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე კი ამბობს, რომ 20 ივნისის მოვლენების დროს პარლამენტის შენობაში გერმანიის ელჩი იმყოფებოდა, ხოლო სხვა ელჩები ხაზზე იყვნენ მთელი ღამის განმავლობაში.

20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში ყოფნას არ ადასტურებენ: აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი, დიდი ბრიტანეთის ელჩი, ევროკავშირის ელჩი, ნიდერლანდების სამეფოს ელჩი, საფრანგეთის ელჩი, უკრაინის ელჩი.

კომენტარები