რუსთავი 2

კალაძე: გაბუნიას უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნა სწორი არ არის

კახა კალაძე

თბილისის მერის კახა კალაძის თქმით, რუსთავი 2-ის წამყვანის გიორგი გაბუნიას "უმსგავსო საქციელის გამო" კერძო არხის დახურვის მოთხოვნა სწორი არ არის. ცნობისთვის, სწორედ კალაძე იყო პირველი, ვინც გაბუნიას გინებასთან დაკავშირებით თქვა, რომ მმართველი გუნდი "ამ პროვოკაციას მკაცრი რეაგირების გარეშე არ დატოვებს". 

"ჩვენ  ვამაყობთ,  რომ 2012 წლიდან მოყოლებული  გვაქვს სიტყვის და გამოხატვის თავისუფლება.  ცხადია, ამ პროგრესს ყოფილი ხელისუფლების ნარჩენები ვერ გუობენ და ყველა საშუალებით ცდილობენ სიტუაციის არევას.

ჩვენ გვაქვს შეცდომები განვითარების რთულ გზაზე, ვინაიდან დემოკრატიული  ინსტიტუტების გაძლიერება, კანონმორჩილების დამკვიდრება და ანგარიშვალდებულება  ჩვენი ქვეყნის პარტნიორებთან, სხვადასხვა დესტრუქციულ ძალას უადვილებს ამ პროცესში  არეულობის შეტანას. 

გუშინ, ბოლო  პერიოდში მომრავლებული პროვოკაციების  რეკორდი მოხსნა რუსთავი 2-ის ჟურნალისტმა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ამ უმსგავსო საქციელის გამო კერძო არხის დახურვის მოთხოვნის დაყენება სწორი არ არის. ეს არის სწორედ ის, რაც ამ დესტრუქციულ ძალებს სურთ. ეს პროვოკაცია სწორედ ამისკენ იყო მიმართული, რომ საზოგადოების იმპულსური პროტესტი რამენაირად მედიაზე ზეწოლად გაესაღებინათ.

ჩვენი - მოქალაქეების და ხელისუფლების გამოწვევაა, როგორც ვიცავდით წესრიგს და გამოხატვის თავისუფლებას ამ ნახევარი თვის განმავლობაში რუსთაველის პროსპექტზე, შევინარჩუნოთ ეს მოცემულობა. არ  მივცეთ სხვადასხვა მოთხოვნებით გამოსულ მომიტინგეებს დაპირისპირების და რაც მთავარია, კანონდარღვევის საშუალება. 

მეგობრებო, ნორმალურ  საზოგადოებაში, ქვეყნის  მოყვარული ადამიანები თავიანთ სიტყვის თავისუფლებას სხვისი თავისუფლების შეზღუდვის  ხარჯზე არ იცავენ.

ნუ გავახარებთ შინაურ თუ გარე მტერს" - ნათქვამია კალაძის განცხადებაში.

რუსთავი 2-ის 7 ივლისის "პოსტსკრიპტუმში", გადაცემის წამყვანმა გიორგი გაბუნიამ რუსეთის პრეზიდენტს რუსულად აგინა. მისი გამონათქვამები დაგმეს პრეზიდენტმა, პრემიერმა, პარლამენტის თავმჯდომარემ, საგარეო უწყებამ, თბილისის მერმა და ქართული ოცნების დეპუტატებმა. ასევე, კომუნიკაციების მარეგულირებელმა კომისიამ. გარდა ამისა, გუშინ ღამე ტელეკომპანიასთან მოქალაქეების ჯგუფი შეიკრიბა და გადაცემის წამყვანისგან ბოდიში, ასევე, მისი რუსთავი 2-დან წასვლა და პასუხისგებაში მიცემა მოითხოვა. აღსანიშნავია, რომ საქართველოს მთავრობის განცხადებები, ასევე, რუსთავი 2-თან გამართული აქცია მოიწონა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ და რუსულმა პროპაგანდისტულმა მედიამ.

კომენტარები