NATO-რუსეთის საბჭო

სტოლტენბერგი: მხოლოდ NATO და საქართველო წყვეტს, როდის იქნება ქვეყანა მზად წევრობისთვის

NATO

ნატოს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, დღეს, 5 ივლისს, ნატო-რუსეთის საბჭოს შეხვედრაზე საქართველოს საკითხიც წამოიჭრა.

სტოლტენბერგმა შეხვედრის დასრულების შემდეგ პრესკონფერენციაზე თქვა:

"შეხვედრაზე წამოიჭრა საკითხი, რომ რუსეთმა განალაგა ჯარები მეზობელ ქვეყნებთან, ამ ქვეყნების თანხმობის გარეშე. ჩვენ ამას ვხედავთ უკრაინაში, რომლის უკანონო ანექსიაც მოხდა და აღმოსავლეთ უკრაინაში სეპარატისტები პირდაპირ იღებენ დაფინანსებას რუსეთისგან. .

ვხედავთ ამას დნესტრისპირეთში და რა თქმა უნდა, ვხედავთ საქართველოს ნაწილში.

ნატო მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობასა და სუვერენიტეტს საერთაშორისოდ აღიარებულ ფარგლებში. რა თქმა უნდა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ყოფნა საქართველოს ტერიტორიაზე არის საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის დარღვევა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით პრობლემის გადაჭრის მცდელობას.

როცა საქმე ეხება საქართველოს უფლებას, გახდეს ნატოს წევრი: ნატოს წევრებმა მრავალჯერ გამოხატეს პოზიცია, რომ, რა თქმა უნდა, საქართველოს აქვს ამის უფლება. იმიტომ რომ ყველა სახელმწიფოს უფლებაა, აირჩიოს თავისი გზა. და მხოლოდ საქართველო და ალიანსის 29 წევრი წყვეტს, როდის იქნება საქართველო მზად, გახდეს ნატოს წევრი. არც ერთ სხვა ქვეყანას არ აქვს უფლება, სცადოს ამ პროცესისთვის ვეტოს დადება".

ნატო-რუსეთის საბჭოს სხდომას ალიანსის 29 წევრი ქვეყნის და რუსეთის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ისინი შეიკრიბნენ, რათა განეხილათ უკრაინის და 1987 წლის შუალედური დამიზნების ბირთვული ძალების ხელშეკრულების საკითხი განეხილათ. 2019 წელს ეს საბჭოს მეორე შეხვედრა იყო.

როგორც სტოლტენბერგმა თქვა, რომ დისკუსია გულწრფელი, მაგრამ აუცილებელი იყო. ალიანსს და რუსეთს ფუნდამენტურად განსხვავებული შეხედულებები აქვთ, მაგრამ ალიანსსაც და რუსეთსაც დიალოგის გაგრძელება სურთ.

კომენტარები