რუსეთი

პუტინმა აღიარა, რომ ავარიისგან დაზიანებული წყალქვეშა ხომალდი ბირთვულ რეაქტორზე მუშაობს

Reuters

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა 3 დღის შემდეგ აღიარა, რომ წყალქვეშა ხომალდი, რომელზეც ავარია მოხდა, ბირთვულ რეაქტორზე მუშაობს. მან თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს ჰკითხა რა მდგომარეობაში იყო რეაქტორი ხანძრის შემდეგ, რაზეც შოიგუმ უპასუხა, რომ რეაქტორი იზოლირებულია და საფრთხე არ ემუქრება.

ავარია ორშაბათს მოხდა, თუმცა რუსეთმა ეს მხოლოდ ერთი დღის შემდეგ აღიარა. რუსეთის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ ხანძარი აკუმულატორის განყოფილებაში გაჩნდა.

შოიგუმ პუტინს უთხრა, რომ წყალქვეშა ხომალდის სრულად აღდგენა მოხერხდება.

"ჩვენს შემთხვევაში ეს არა მხოლოდ შესაძლებელი, არამედ სავალდებულოა. ახლა ვადგენთ რა დრო დასჭირდება, რა სამუშაო და როგორ უნდა შესრულდეს ეს."

ხანძრის შედეგად 14 რუსი მეზღვაური დაიღუპა. მეზღვაურები წყალქვეშა ნავის ნაწილების დაწვის შედეგად მომწამლავ გამონაბოლქვს ემსხვერპლნენ.

კომენტარები