აქცია პარლამენტთან

BASSIANI: სოლიდარობა მშვიდობიან, სამართლიან სამოქალაქო პროტესტს! ყველა გარეთ

Youth Organisations for Drug Action

კლუბმა "BASSIANI" 20 ივნისს პარლამენტის წინ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

კლუბის გადაწყვეტილებით, დღეს დაგეგმილი ღონისძიება არ გაიმართება.

გუშინ საზოგადოების სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ რეპრესიულ საპოლიციო ძალადობას შედეგად მოჰყვა ასობით ადამიანის დაკავება და მათი დასახიჩრება. საქართველოს ხელისუფლებამ კიდევ ერთხელ აღმართა ხელი მშვიდობიანი მოქალაქეების წინააღმდეგ, რითაც მან კიდევ ერთხელ ჩამოიხსნა ნიღაბი და გვანახა, რომ მის უკან საკუთარ შიშებსა და ვერაგულ განზრახვებში ჩაკეტილი ადამიანები დგანან, რომლებიც ქვეყნის წინაშე არსებულ გამოწვევებთან გამკლავების ნაცვლად, მზარდი სოციალური პროტესტის ჩახშობით არიან დაკავებული. 

საზოგადოების გაჩუმების ყველა მცდელობა უშედეგოა და საბოლოოდ ისევ საპროტესტო ტალღის გაძლიერებას უწყობს ხელს. ჩვენი საზოგადოება არ დათმობს ჩვენს მთავარ მონაპოვარს - თავისუფლებას, რომელსაც საფრთხე ემუქრება ერთის მხრივ ოკუპანტი ქვეყნის, რუსეთის, ხოლო მეორეს მხრივ მოძალადე ხელისუფლებისა და სხვადასხვა ანგაჟირებული პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან.

ვაცნობიერებთ, რომ ახლა, ამ ქვეყნის თითოეულ მოქალაქესა და ჯგუფს განსაკუთრებული სიფრთხილე და პასუხისმგებლობა გვმართებს. ვითვალისწინებთ შექმნილი ვითარების სიმძიმეს და ვაუქმებთ BASSIANI/HOROOM-ის დაგეგმილ საკლუბო ღამეს. 

სოლიდარობა მშვიდობიან, სამართლიან სამოქალაქო პროტესტს! ყველა გარეთ.

20 ივნისს პარლამენტთან შეკრებილი ადამიანები რუსი დეპუტატების ჩამოყვანის პასუხისმგებელი პირების, ზაქარია ქუცნაშვილისა და პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის, გადადგომას მოითხოვდნენ. რამდენიმე საათის შემდეგ, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეციალური დანიშნულების რაზმმა აქციის დაშლა რეზინის ტყვიებითა და სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზით სცადეს. აქციის მონაწილეები მაინც აგრძელებდნენ პროტესტს, საბოლოოდ კი, შსს-მ წყლის ჭავლები გამოაგორა და აქცია საბოლოოდ დაშალა. აქციიდან წასულ მოქალაქეებს ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლები ქუჩა-ქუჩა დასდევდნენ, მათ შორის თსუ-ს მიმდებარე ტერიტორიაზე. 

საავადმყოფოში გადაყვანილი ადამიანებიდან ორმა მხედველობა დაკარგა, რადგან რეზინის ტყვია მოხვდათ თვალში, დანარჩენს კი ოპერაცია უტარდებათ. 

დაშავდნენ როგორც მშვიდობიანი მოქალაქეები, ისე მედიის წარმომადგენლები, ჟურნალისტები და ოპერატორები.

კომენტარები